23/02/2023
14:07
მსოფლიო
ესპანეთის საკანონმდებლო ორგანომ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვისა და უფლებების (მათ შორის აბორტისა და ტრანსგენდერების უფლებების) შესახებ კანონები მიიღო. ესპანეთში ქალებს შესაძლებლობა ექნებათ, ყოველთვიურად 3-5 დღიანი შვებულება აიღონ, თუ მათ მენსტრუაციის დროს ძლიერი ტკივილი შეაწუხებთ.
ამ მხრივ, ესპანეთი პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, რომელმაც ქალებს მენსტრუაციის დროს ანაზღაურებადი შვებულების აღების უფლება მისცა.
ესპანეთის მთავრობა ამ რეფორმის დამტკიცებას მომავალ კვირას გეგმავს. მენსტრუალური შვებულების უზრუნველყოფასაც მთავრობა დააფინანსებს.
ესპანეთის მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას 185-დან 154-მა დეპუტატმა [უმრავლესობამ] დაუჭირა მხარი. დღესდღეობით, აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, კერძოდ, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ზამბიასა და ინდონეზიაში, ქალებს მენსტრუალური შვებულების უფლება უკვე აქვთ.
ცნობისთვის, რამდენიმე ორგანიზაციამ კი, ქალებისთვის მენსტრუაციის დროს შვებულების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება გააპროტესტა. ესპანეთის მთავარმა შრომის ორგანიზაციამ, UGT-მ (Unión General de Trabajadores) ახალი საკანონმდებლო ცვლილება გააკრიტიკა.
ორგანიზაციის აზრით, ამ კანონის მიღებამ შესაძლოა სამუშაო ადგილზე ქალების სტიგმატიზაცია გამოიწვიოს.
0
0