
ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სამი ადამიანი, სავარაუდოდ, მხუთავი აირით გარდაიცვალა, რომელიც ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის დროს გენერატორის მუშაობის შედეგად წარმოიქმნა.
მედიის ცნობით, როგორც ირკვევა, ელექტროენერგიის არარსებობის გამო ერთ-ერთი მათგანი იძულებული გახდა, გენერატორი გამოეყენებინა სამედიცინო ჟანგბადის აპარატის მუშაობისთვის. ადგილზე მისულმა საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა სახლში მხუთავი აირის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირეს, რაც, ექსპერტების აზრით, სამივე ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა.
შეგახსენებთ, გუშინ ესპანეთსა და პორტუგალიაში მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ესპანეთსა და პორტუგალიაში შეჩერდა მატარებლების მოძრაობა, როგორც ადგილობრივი, ასევე საქალაქთაშორისო რეისები. შეჩერებული იყო საჰაერო მიმოსვლაც. ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად ორივე ქვეყანაში გაითიშა შუქნიშნები, რამაც გზებზე ქაოსი გამოიწვია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გათიშვაში „კიბერშეტევის ნიშნები არ არის“.
0
0