16/12/2022
11:45
მსოფლიო
15 დეკემბერს, ესპანელმა კანონმდებლებმა ახალი კანონპროექტი მიიღეს, რომელიც კრიტიკული პერიოდის მქონე ქალებისთვის „მენსტრუალური შვებულების“ შემოღებას ითვალისწინებს, ასევე სახელმწიფო საავადმყოფოებში აბორტზე ხელმისაწვდომობას გააადვილებს.
ახალი კანონპროექტი ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატებმა პირველი მოსმენით მიიღეს; 190-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, 154 მოწინააღმდეგე იყო, ხოლო 5-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. კანონპროექტი საბოლოო დამტკიცებისთვის სენატში გადაიგზავნება.
”ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ქალთა მენსტრუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჯანდაცვის სფეროს ნაწილია; ჩვენ ვებრძვით ქალების სტიგმატიზირებასა და დუმილს”, - განუცხადა დეპუტატთა კონგრესს ესპანეთის თანასწორობის მინისტრმა ირინე მონტერომ, რომელიც სოციალისტ პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მთავრობის მოკავშირეა.
შვებულების ხანგრძლივობა კანონპროექტში დაზუსტებული არ არის.
როდესაც ეს კანონპროექტი საბოლოოდ დამტკიცდება, ესპანეთი გახდება პირველი ქვეყანა ევროპაში, ხოლო მსოფლიოში - ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებმაც (იაპონიის, ინდონეზიის, ზამბიის მაგალითზე) მსგავსი გადაწყვეტილება თავიანთ კანონმდებლობაში შეიტანეს.
თუმცა საკანონმდებლო ცვლილებას ოპონენტებიც ჰყავს. ესპანეთის მსხვილი პროფკავშირული გაერთიანების (UGT) განცხადებით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა დამსაქმებლებს ქალების სამსახურში აყვანის სურვილი დაუკარგოს.
ახალი კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო საავადმყოფოებში აბორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ქვეყნის მასშტაბით, აბორტების 15%-ზე ნაკლები ამგვარ დაწესებულებებში ხორციელდება.
ასევე კანონპროექტის მიხედვით, არასრულწლოვანებს (16 და 17 წლის ასაკში) მშობლების ნებართვის გარეშე აბორტის გაკეთების უფლება ეძლევათ, რაც ცვლის წინა კონსერვატიული მთავრობის მიერ 2015 წელს შემოღებულ მოთხოვნას.
აღნიშნული კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სკოლებში სექსუალური განათლების გაძლიერებას, ასევე ჩასახვის საწინააღმდეგო და მენსტრუალური ჰიგიენის საშუალებების უფასო დისტრიბუციას სასწავლო დაწესებულებებში.
0
0