
ისრაელის საჰაერო თავდასხმების შემდეგ, ღაზის მოსახლეობას ელექტროენერგია თითქმის არ მიეწოდება, ასევე გადატვირთულია საავადმყოფოები. ასევე შეწყდა საკვებისა და წყლის მიწოდება.
პალესტინის ჯანდაცვის წარმომადგენლების განცხადებით, ღაზის სექტორზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ესკალაციამ კიდევ უფრო გააუარესა ღაზის ჰუმანიტარული მდგომარეობა. პალესტინის არასაკმარისად აღჭურვილმა საავადმყოფოებმა, რომლებიც ორ მილიონზე მეტი ადამიანის გადასარჩენად იბრძვის, სისხლის დონორებით უზრუნველყოფას ითხოვენ.
ღაზის სექტორში პალესტინელებისთვის განკუთვნილი საქველმოქმედო სამედიცინო დახმარების დირექტორმა, მაჰმუდ შალაბიმ, ქალაქის მთავარ საავადმყოფოს "სასაკლაო" უწოდა.
„მორგში ბევრი გვამი გაიგზავნა. სასწრაფო დახმარების განყოფილებაში სამედიცინო პერსონალი ვერ უმკლავდება მსხვერპლის უზარმაზარ ნაკადს”, - დასძინა შალაბიმ.
8 ოქტომბერს, ღამით, ღაზის მოსახლეობის ნაწილმა ისრაელის არმიისგან SMS-შეტყობინებები მიიღო, რომლებშიც, საჰაერო დარტყმების წინ, მათ თავშესაფარში გადასვლას ურჩევდნენ.
როგორც გაეროს წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, 20 000-ზე მეტი ადამიანი გაეროს თავშესაფრებისკენ გაემგზავრა.
„“ჰამასმა“, რომელიც ღაზას ბოლო 17 წლის განმავლობაში აკონტროლებს, გაცნობიერებული აქვს, თუ რა შედეგები მოჰყვება ისრაელზე თავდასხმას - ამიტომ ის ელოდა ასეთ მასიურ საპასუხო დარტყმებს. ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ის მზად არის ისრაელთან ომისთვის. „ჰამასმა“ აღნიშნა, რომ, ისრაელ-ეგვიპტური ბლოკადის მიუხედავად, ის იარაღის კონტრაბანდას ახორციელებს და საკუთარ არსენალს ავითარებს. დაჯგუფებამ პირობა დადო, რომ "საპასუხო შეტევებს" გააგრძელებს.
პალესტინის ღაზის სექტორის რიგითი მოსახლეობა ამ უპრეცედენტო კონფლიქტს არაერთგვაროვნად აფასებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა სამოქალაქო პირმა "ჰამასის" სარაკეტო თავდასხმა ზეიმის საბაბად ჩათვალა, ბევრი შეშფოთებულია იმით, რომ ძალადობა დიდხანს გაგრძელდება,“ - წერს BBC-ი.
0
0