
ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი მეუფე ზენონის ბრალდებებს უსაფუძვლოსა და აბსურდულს უწოდებს.
ვანო ჩხარტიშვილი ამბობს, რომ სასულიერო პირის კომენტარით გაკვირვებულია, რადგან მას არანაირი ბერკეტი ან ინტერესი არ გააჩნია დიდი ბრიტანეთის ეპარქიის ხელმძღვანელის ბედის გადასაწყვეტად:
„დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია განსაკუთრებით ძვირფასია ჩემი ოჯახისთვის, რადგან ლონდონში დევნილობისას ჩვენთვის ის იყო სულიერი თავშესაფარი და იქ მყოფ საეკლესიო წრეებთან ჯანსაღი და წმინდა ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა.
ამიტომ გაკვირვებული ვარ თუ რატომ თქვა მეუფე ზენონმა ის, რაც თქვა. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდო, რომ ეპარქიისადმი მხარდაჭერისათვის მეუფე ეპარქიის უმაღლესი ორდენით აჯილდოებს ხოლმე ადამიანებს, ხოლო „არდაჭერისთვის“ცილისწამებით.
ჩემთვის სრულიად გაუგებარია მეუფე ზენონის ლოგიკა - როგორ უნდა დამეჭირა მისთვის მხარი და როგორ უნდა მემოქმედა სინოდის გადაწყვეტილებაზე, ან რა ინტერესი უნდა მქონდეს ან ბერკეტი დიდი ბრიტანეთის ეპარქიის ხელმძღვანელის ბედის გადასაწყვეტად?! ეს ხომ აბსურდია", განუცხადა ბიზნესმენმა სააგენტო pia.ge-ს.
როგორც ცნობილია, გუშინ, საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც მეუფე ზენონი გათავისუფლებულია დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მმართველობიდან, ხოლო შეუნარჩუნდა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მმართველობა.
ცნობისთვის, მეუფემ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, არსებობენ კონკრეტული პირები, რომლებიც აიძულებენ პატრიარქს, რომ ის დიდი ბრიტანეთის ეპარქიას ჩამოაშორონ.
„აქ მიმდინარე პროცესებთან, აი, ამ დესტაბილიზაციასთან, რომელიც ჩემს ეპარქიაში წამოიშვა, კავშირში არიან მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, მიპტოპოლიტი შიო მუჯირი, მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და პროცესში, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ჩართულია ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი“, - განაცხადა მეუფე ზენონმა ერთ-ერთ ტელეეთერში.
წყარო: pia.ge
0
0