20/01/2025
19:17
პოლიტიკა
“ეს წერილი არის კონკრეტული ქართველი დივერსანტების მიერ შექმნილი სრულიად უსაფუძვლოდ. ვფიქრობ, ამ წერილის ავტორებს უნდა მოეთხოვოთ პასუხი” - ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი ნოშიკო ნამორაძე, რადიო “თავისუფლების” მიერ გამოქვეყნებულ, სავარაუდოდ, დასასანქცირებელთა სიას. ამ სიაში ნამორაძე დასახელებული იყო.
ნოშიკო ნამორაძე წერს:
"არსებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა და ვითარებამ ნათლად დაგვანახა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათთან დაახლოებული პირები თუ ორგანიზაციები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ 2003-2012 წლებში, ამ ეტაპზე ოპოზიციაში არიან გაერთიანებულები და მათი ბრძოლის მეთოდები უცვლელია, ხელწერა ცალსახად სტანდარტული და დამყარებული ტერორზე, შანტაჟზე, მუქარაზე, დაჭერაზე, სანქციებსა და ქართველი, პატრიოტი, ქვეყნის მოსიყვარულე ოჯახების აწიოკებასა და დაჩაგვრაზე.
დღეს გვყავს დასანქცირებული ჩვენი ქვეყნის პატრიოტი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი და სანქციების მოლოდინში არიან პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ჩვენი ქვეყნის ერთგული და მოსიყვარულე ადამიანები. მე მაქვს ერთი, მთავარი კითხვა ამ ყოველივესთან დაკავშირებით: 2003-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაახლოებული პირები, ჩადიოდნენ დანაშაულს, ატერორებდნენ მოსახლეობას, ოჯახებს ანადგურებდნენ, ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, ქვეყანას პირდაპირი მნიშვნელობით აოხრებდნენ, მაგრამ დასასანქცირებელ ადამიანთა სიაში მათი ადგილი ვერ მოინახა, ვერც ადრე და ვერც ეხლა. რატომ? ამდენად დემოკრატები და კეთილშობილები იყვნენ?
აქ ხომ ყველაფერი ნათელი და ცხადია, ყველაფერი ხელის გულზე დევს და ჩანს, ისინი ყველანაირი მეთოდით მიზანმიმართულად ისწრაფვიან ხელისუფლებაში დაბრუნებისკენ, ეს არის ქართული ოპოპოლიტიკის სტანდარტი, სამწუხაროდ. მათი სენია - სხვისი გაფუჭება და სხვის უბედურებაზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა, ყოველივე ეს კი გაცვეთილია უკვე. ქვეყნის ოპოზიციის სტანდარტი და სწრაფვა უნდა იყოს ორიენტირებული მომავალში ქვეყნის სწორი განვითარების მოდელისა და პროგრამების წარდგენაზე. როდესაც ამ სტანდარტს მიუახლოვდებიან, როდესაც მათი სურვილები იქნები გულწრფელი, სწორედ მაშინ ეშველება ოპოზიციურ სექტორს.
რაც შეეხება ჩემს აზრს იმ წერილზე, რომელიც იქნა გაგზავნილი კონგრესმენების მიმართულებით: პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ეს წერილი არის კონკრეტული ქართველი დივერსანტების მიერ შექმნილი სრულიად უსაფუძვლოდ. ვფიქრობ, ამ წერილის ავტორებს , სათითაოდ უნდა მოეთხოვოს პასუხი, მათი ლუსტრაცია უნდა მოხდეს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ადრეც და ეხლაც ემსახურებიან, აგრძელებენ სხვისი ოჯახებისა და ადამიანების ჩაგვრას, მათი მკაფიო სურვილია, რომ სხვის უბედურებაზე მოიწყონ თავიანთი კეთილდღეობა, მაგრამ სხვის უბედურებაზე აწყობილი საკუთარი კეთილდღეობის მე პირადად არ მჯერა და ღრმად მწამს, რომ ყველას პასუხი მოეთხოვება ადრე თუ გვიან. ძალიან დიდი დრო გავიდა, მათ საკმარისი დრო და საშუალება ჰქონდათ ჩადენილი დანაშაულების აღიარებისა და მონანიებისთვის , ქართველი ხალხი მოწყალეა, მათ შორის მეც და ყველანაირად ვცადეთ აბსოლიტურად ყველამ, რომ მიგვეტევებინა, თუმცა ამაოდ, მათ არაფერი შეუცვლიათ და დარჩნენ თავიანთ პოზიციებზე, სამწუხაროა.
რაც შეეხება ჩემ სახელსა და გვარს, რომელიც არის მოხსინიებული იმ კონკრეტულ სიაში, მკაფიოდ მინდა გავაჟღერო, რომ მე, როგორც ჩემი ქვეყნის მოსიყვარულე ერთი რიგითი ბიზნესმენი და ადამიანი, მზად ვარ ნებისმიერი რთული მოვლენების განვითარებისთვის, არა იმიტომ, რომ ჩემი კეთილდღეობა მამოძრავებს, არამედ იმიტომ, რომ მე ამ ქვეყნის შვილი ვარ და სრულად ვიზიარებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას. არა და არავითარ შემთხვევაში, ეს წითელი ხაზი არ გადის ჩემი და ჩემი ოჯახის კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, ეს არის სრული აბსურდი! ჩემი ნაბიჯები და ჩემი პოზიციაც იყო, არის და იქნება ყოველთვის ჩემი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე და სიყვარულზე დამყარებული.
მე მაქვს შესაძლებლობა გავარჩიო ნათლად თეთრი და შავი, რეალობა და თვალთმაქცობა, ტყუილი და სიმართლე. დღეს, ისე, როგორც არასდროს ყველაფერი საკმაოდ ნათელია და ცხადად ჩანს, ვის რა სურვილები ამოძრავებს.
ფაქტი ფაქტად რჩება, რომ დღევანდელი ხელისუფლება, 12 წელია ამაყად და ღირსეულად იბრძვის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის, წარმატებისთვის, ეკონომიური წინსვლისთვის და რაც ყველაზე მთავარია - მშვიდობისთვის.
ჩვენი ყველას ვალია ურთულესად მოპოვებული მშვიდობა დავაფასოთ, არ დავკარგოთ და უმადურები არ ვიყოთ, უმადურობა და დაუნახაობა არ შეიძლება, ჩემთვის კი ყოვლად მიუღებელია.
ვფიქრობ ჩვენი ქვეყანა ადგას ჭეშმარიტ ქართულ გზას და არავის ვასალი არ გახდება. ღირსეულად, თავაწეულებმა ვიაროთ!
ჩვენი ჭეშმარიტი ღირებულებები, ტრადიციები, და მართმადიდებლობა დავიცვათ.
ყოველივე ეს კი, ჩვენი უკეთესი სამშობლოს - გაბრწყინებული საქართველოს საწინდარია!
პატივისცემით,
ნოშიკო ნამორაძე" - წერს ნამორაძე.
0
0