
პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე მოსმენები გრძელდება. დღეს კითხვებს ჯონდი ბაღათურიას დაუსვამენ. ის წინა ხელისუფლების დროს განხორციელებულ ბიზნეს რეკეტზე ისაუბრებს.
ოპოზიციურ სპექტრში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე საგამოძიებო კომისია არ ემსახურება რაიმე სახის გამოძიებას. მთავრობის ოპონენტები კომისიის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებენ და, დაბარების მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოში არ მიდიან. ოპოზიციური სპექტრიდან კომისიის კითხვებს მხოლოდ გიორგი გახარიამ უპასუხა.
"ეს კომისია, ზოგადად, პოლიტიკური სპექტაკლია და სპექტაკლის მთავარი მიზანია, რომ ხალხის ყურადღება გადაიტანონ უმნიშვნელო საკითხებზე, რასაც რაღაც დოზით საკმაოდ ეფექტიანად ასრულებს, მაგრამ დანარჩენ ნაწილში არაფერი ახალი, მნიშვნელოვანი და სასარგებლო ამ კომისიას არ გაუკეთებია გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო გააღვივა სიძულვილი, ბრაზი და ა.შ.", - აცხადებს პარტია ”გირჩის” სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.
შეგახსენებთ, პროკურატურამ გუშინ გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.
0
0