
საგარეჯოს ტრაგედიის ერთ-ერთი მთავარი გმირი, "ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მამუკა ოთიაშვილი, 19 იანვრის ღამეს პირველად იხსენებს.
მისი თქმით, ხალხი კლინიკამდე ვერ მოდიოდა სამედიცინო დახმარებისთვის.
"საზარელი ამბავი იყო, საშინელება ხდებოდა, ყველასთვის უჩვეულო. ჩვენ ინფორმაცია გვქონდა დაჭრილების შესახებ და ის ხალხი კლინიკამდე ვერ მოდიოდა, რომ ვინმესთვის სამედიცინო დახმარება გაგვეწია. ეს იყო ძალიან შემზარავი ჩემთვის პირადად...
მე ოპერაციაზე ვიყავი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, დაუყოვნებლივ მოხდა ჩემი დაბრუნება საგარეჯოში დაბრუნება. თბილისიდან ექიმების გუნდი ჩამოვიყვანე, ძალიან მალე მოხდა ეს. მთელი კლინიკის პერსონალი იყო ადგილზე. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში ასეთი ამბავი იყო, არც ერთი წამი არ გაგვიაზრებია, რომ ჩვენ აქ არ უნდა ჩამოვსულიყავით...
რაც ვიხილე ძალიან დიდი ერთსულოვნება იყო მოსახლეობის მხრიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენი კლინიკის მედ-პერსონალის მხრიდან, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით...“, - ამბობს მამუკა ოთიაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში.
როგორც ცნობილია, 19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ქუჩაში მყოფ ხალხს, ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. დაღუპულთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ახალგაზრდაა, ერთი კი შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.
თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო, თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც.
0
0