
ეს იყო ძალიან მკაცრი, ძალიან მკაფიო განცხადება, სადაც მითითება იყო იმაზე, რომ შესაძლოა, მთავრობის წევრები დასანქცირდნენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, თუ ხელისუფლება ახლა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს წაიღებს, იმის გარანტია არ არის, რომ უკან 2 თვეში არ დააბრუნებენ.
„ეს იყო ძალიან მკაცრი, ძალიან მკაფიო განცხადება, სადაც მითითება იყო იმაზე, რომ დიახ, შესაძლოა - ამ შემთხვევაში მთავრობის წევრები, უმრავლესობის წევრები დასანქცირდნენ, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს ქართველი ხალხისთვის გამოსავალი ვერ იქნება.
გამოსავალი არის, რომ ეს კანონი არ მიიღონ, გამოსავალია, რომ ეს ხელისუფლება შევცვალოთ.
უნდა გვესმოდეს, რომ ხელისუფლებამ ახლაც რომ წაიღოს უკან ეს კანონი, თუ არ შევცვლით ამ ხელისუფლებას, 2 თვეში შესაძლოა ისევ შემოიტანონ. ამ ხელისუფლების პირობებში, რაიმეს გარანტი რომ გვქონდეს, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რაიმეს არ გააკეთებენ, არ არსებობს.
ამისთვის უმნიშვნელოვანესია ამ ხელისუფლების ცვლილება, რომ სტაბილურად, მშვიდად გავაგრძელოთ განვითარება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, „თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მიიღებენ, ის ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს“.
მისი განმარტებით, ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ კანონპროექტია და არა ამოქმედებული კანონი. „ამიტომ, რაც შეეხება პოტენციურ შედეგებს ან რაიმე პოტენციურ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება გადავდგათ, ნამდვილად არ მსურს მათი წინასწარ განხილვა“, - დასძინა მილერმა.
0
0