22/01/2025
13:55
პოლიტიკა
ევროპარლამენტის გუშინდელ დებატებში მოვისმინეთ ის, რაც ცხადია მთელი ამ დროის განმავლობაში – ჩარევა წინასაარჩევნო პროცესებში და ჩარევა შიდაპოლიტიკურ პროცესებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კარგი და დადებითი გზავნილები ისმოდა, საერთო ჯამში, ისევ იყო ისეთი ცრუ ბრალდება და ყალბი ინფორმაცია, რომელიც არაერთხელ ისმოდა ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან.
„ვინმეს თუ რეალურად აქვს სურვილი, საქმეში გაერკვეს და სწორი წარმოდგენა ჰქონდეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, შეუძლია, ჩახედოს ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს და ნახოს, რა გადაწყვეტილებები აქვს მიღებული სტრასბურგის სასამართლოს საქართველოსთან დაკავშირებით. ჩახედოს ძალიან ბევრ საერთაშორისო ინდექსს და ნახოს, სად არის საქართველო დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით. რაც მთავარია, ჩახედოს ევროკომისიის ანგარიშს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდა და ნახოს, სად არის საქართველო თითოეული მიმართულებით, რაც ეხება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, ევროპარლამენტში დებატებზე ხშირად წარმოსახვითი საქართველოა წარმოდგენილი, ხოლო რეალური საქართველო სხვაა.
„რეალური საქართველო არის ის, რაც აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში, ევროკომისიის დასკვნებში და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის არაერთ ანგარიშში. სურვილი თუ აქვთ, მაზოხისტურ რეჟიმში გააგრძელონ ერთი და იმავე ცრუ ბრალდებების გავრცელება, გააგრძელონ. საუბარი არ მაქვს ზოგადად ევროპარლამენტზე, საუბარი გვაქვს ცალკეული ევროპარლამენტარების მოკლევადიან პოლიტიკურ ამბიციებზე, რომლებიც ეფარებიან ხან ევროპარლამენტის ინსტიტუტს, ხან სხვას და ცდილობენ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაფუჭებას. გრძელვადიან პერიოდში ჩვენ სხვა სურვილი გვაქვს, გრძელი სტრატეგიით და გრძელი ხედვით ვუყურებთ ამ პროცესს. ერთადერთი სურვილი გვაქვს, ევროკავშირთან და, მათ შორის, ევროპარლამენტთან, ურთიერთობები ნორმალური და ცივილურ ჩარჩოში იყოს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის გუშინდელი დებატებიდან ისმოდა ის, რაც ცხადია მთელი ამ დროის განმავლობაში – ჩარევა წინასაარჩევნო პროცესებში და ჩარევა შიდაპოლიტიკურ პროცესებში.
„ნეტარ არიან მორწმუნენი, შეუძლიათ ისაუბრონ რამდენიც უნდათ. უგულებელყონ დემოკრატიული ვერდიქტი, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობამ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოიტანა, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ამის გამო ქვეყნის არევ-დარევას. ევროპარლამენტის გუშინდელი დებატებიდან რაც მოვისმინეთ, იყო ის, რაც ცხადია მთელი ამ დროის განმავლობაში – ჩარევა წინასაარჩევნო პროცესებში და ჩარევა შიდაპოლიტიკურ პროცესებში. ტელევიზორიდან ვხედავდით გამოსვლებს და მოწოდებებს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წინ, სწორედ ეს მოვისმინეთ გუშინდელი დებატებიდან, რომ ისინი აღიარებენ, რომ იყვნენ აქ, ერეოდნენ წინასაარჩევნო პროცესებში და შიდაპოლიტიკურ პროცესებში. სამწუხარო რეალობაა, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეს არ არის სწორი და კანონიერი. მიხეილ სააკაშვილს რაც შეეხება, არაერთი უხეში ტყუილი და დეზინფორმაცია იყო გავრცელებული. წინა რეზოლუციებიც ვნახეთ, სადაც მიხეილ სააკაშვილზე იყო საუბარი, მარტივად შემიძლია ამ ადამიანებს ვუთხრა, ჩაიხედონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში. თუ მკითხავთ, ვის უნდა დაუჯერონ – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას თუ ზოგიერთ მოკლევადიანი პოლიტიკური ამბიციების მქონე ევროპარლამენტარს, ცხადია, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ და ნდობას ვუცხადებთ სტრასბურგის სასამართლოს, რომელმაც ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ მისი, როგორც პატიმრის უფლებები, არის დაცული და არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ რაიმე მიზეზით პატიმრობიდან იყოს გათავისუფლებული“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
0
0