27/10/2024
09:26
არჩევნები 2024
ორგანიზაცია ჩემი ხმა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების წინასწარ შედეგებს ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ ეს შედეგი საქართველოს მოქალაქეების ნებას არ ასახავს.
"წინასაარჩევნო პერიოდში არსებული გარემოსა და არჩევნების დღეს გამოყენებული გაყალბების სქემების, ასევე ამომრჩევლების ნებაზე უპრეცედენტო ზემოქმედებისა და ძალადობის ფაქტების ანალიზის შედეგად, მივიჩნევთ, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები საქართველოს მოქალაქეების ნებას არ ასახავს. ჩვენ არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნას გავაგრძელებთ". - თქვა ლონდა თოლორაიამ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ გამართულ ბრიფინგზე.
მათი თქმით, დღის მანძილზე დაფიქსირებულმა არაერთმა დარღვევამ ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა შელახა. სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, "ცესკოს" შედეგები ქართველი ამომრთველის ნებას არ ასახავს.
"სქემა გაიშიფრა. ჩვენ უამრავ საარჩევნო ოლქში ვნახეთ ის, რომ დამკვირვებლებს განსაკუთრებით არ აძლევდნენ საშუალებას დაჰკვირვებოდნენ ვერიფიკაციის პროცესს, ანუ ვინ მოდიოდა საარჩევნო უბანზე და ვისი მონაცემები შეჰყავდა რეგისტრატორს. ამის დაკვირვების შესაძლებლობა არ იყო. ძალიან ბევრ უბანზე ვნახეთ პირები, რომელთაც პასპორტი ედოთ პირადობის ნომრები და ამ ნომრებით
არეგისტრირებდა რეგისტრატორი", - განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა, "საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ.
სადამკვირვებლო მისია ამბობს, რომ დარღვევებს მასიური და მასშტაბური ხასიათი ჰქონდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საერთაშორისო საზოგადოებას მეტი ჩართულობისკენ მოუწოდეს.
"ეს გაყალბებები გვაგონებს ასლან აბაშიძის დროინდელ გაყალბებებს. დიდი ხანია, ასეთი რამ საქართველოში დამკვირვებლებს არ უნახავთ. რეალურად, შეიძლება ითქვას, რომ ავტოკრატია გაფორმდა. არჩევნები წაგვართვეს. ეს არ ყოფილა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. სიტუაცია არის უკიდურესად მძიმე", - განაცხადა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ.
0
0