
“ეს გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, ვინც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის და მისი ბრძოლაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას უკავშირდება”, ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
“ცხადია, პირველი გადაწყვეტილებებიც პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან იქნება დაკავშირებული. მიშა, მინდა, შეგპირდე, რომ ჩვენ იქამდე არ გავჩერდებით, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, საქართველოს თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი”, აღნიშნა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, გამარჯვება ეკუთვნის ნიკა გვარამიასაც.
“ეს გამარჯვება ეკუთვნის ნიკა გვარამიას, რომელმაც თავისი პირადი მაგალითით დაამტკიცა, რომ ამ ბრძოლაში ჩვენი გატეხვა შეუძლებელია. ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველა პოლიტპატიმარს, ვინც რუსული, ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში პოლიტიკური ნიშნით იხდის სასჯელს. ეს გამარჯვება ეძღვნება ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინაში და ყველამ უნდა იცოდეს, რომ უკრაინა ჩვენს გულშია და რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ლვოვიდან ხარკოვამდე და კიევიდან ოდესამდე [...] ეს გამარჯვება ასევე ეკუთვნის ნიკა მელიას და მის მომხრეებს, ნონა მამულაშვილს და მის მხარდამჭერებს, გიორგი მუმლაძესა და მის დაუღალავ თანამებრძოლებს. მე დღეს მეგობრობის ხელს გიწვდით. ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში გავერთიანდეთ”, განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც ცნობილია, ენმ-ის ახლადარჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. პარტიის შიდა არჩევნებში მან ხმების 52.58% (21 656 ხმა) მიიღო. ენმ-ის არჩევნებში სულ 49 638 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა კი, 41 264-მა მათგანმა მიიღო.
0
0