
ეს ფაქტობრივად, არის საქართველოს შეთრევა კვლავ რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში - საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა ევროპულ სივრცეში, სადაც რუსეთისთვის ცა გახსნილია,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის თაობაზე ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესებული უნდა იყოს ისეთი რეჟიმი, როგორიც მთელ მსოფლიოშია.
„როცა უვიზო რეჟიმია ევროპაში საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ 6 თვის განმავლობაში, მხოლოდ 90 დღის განმავლობაში შეუძლია საქართველოს მოქალაქეს ევროპაში ცხოვრება. როცა რუსეთმა სავიზო რეჟიმი გააუქმა საქართველოსთან, საქართველოს მოქალაქეს ასევე 90 დღე შეუძლია რუსეთში ცხოვრება უვიზოდ. ესაა საერთაშორისო ნორმა. ხოლო დღეს არსებული ნორმა არის აბსურდული, როცა რუსეთის მოქალაქე შემოდის საქართველოში, ერთი წლით ცხოვრობს, შემდეგ ერთი საათი გადის ან სომხეთში, ან აზერბაიჯანში, ან რუსეთში, შემდეგ ბრუნდება და კვლავ ერთი წლით უგრძელდება ბინადრობის უფლება საქართველოში. ყველა ეს წესი „ქართული ოცნების“ მიერ მორგებულია სამშენებლო ბიზნესზე. ევროპულ სტანდარტზე უნდა გადავიდეთ, შემოვიდეს ტურისტი, იცხოვროს 90 დღით და წავიდეს, ერთ წლიანი ცხოვრების უფლება ნიშნავს იმას, რომ ფუძნდებიან, სკოლებს, საბავშვო ბაღებს ხსნიან და ყიდულობენ ბინებს. 11 ათასი ბინა იყიდეს”, - განაცხადა გოცირიძემ.
ამასთან, გოცირიძე „დემაგოგიად“ აფასებს „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებს რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველზე“.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ოფიციალური აღწერით იქ 120 ათასი ქართველი ცხოვრობს, არალეგალურად კი შეიძლება იყოს 40-50 ათასი.
0
0