06/08/2023
14:38
საზოგადოება
გლაციოლოგი ლევან ტიელიძე აქვეყნებს მყინვარ თბილისას ფოტოებს და წერს, რომ სწორედ მყინვარის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო შოვის სტიქია. გალციოლოგი შედარებისთვის მყინვარის ორ ფოტოს აქვეყნებს, სადაც თვალშისაცემია მისი მნიშვნელოვანი შემცირება.
"ეს არის მყინვარი თბილისა, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც დაიწყო შოვის სტიქია. სურათების შედარება გვიჩვენებს მყინვარის მნიშვნელოვან შემცირებას 2010-2012 წლებში. სწორედ ასეთი დიდი შემცირების გამო, 2012 წელს ჩვენი საველე კვლევის დროს, მყინვარის მარკირება ვეღარ შევძელით.
საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესის გამო, კიდევ ერთხელ რომ ხაზი გავუსვათ მყინვარების მნიშვნელობას კავკასიის რეგიონისთვის და გარკვეული ციფრებიც მოვიყვანოთ.
1. ჩევნ მიერ ჩატარებულმა კავკასიონის მყინვარების ბოლო ინვენტარიზაციამ აჩვენა, რომ 2000-2020 წლებში კავკასიონის მყინვარების საერთო ფართობი 320 კვ კმ-ით (23%) შემცირდა. შედარებისთვის, ეს იგივეა, რაც მთლიანი აბაშის რაიონის ფართობი (322 კვ კმ). კიდევ უფრო მეტი შედარებისთვის, ამ პერიოდის შემცირება ოთხჯერ მაღალია 1911-1960 წლების ანალოგიურ მონაცემებთან. სამჯერ მაღალი ვიდრე ეს იყო 1960-1986 წლებში, და ორჯერ მაღალი ვიდრე იყო 1986-2000 წლებში. განსაკუთრებით მაღალი დნობა ფიქსირდება 2014 წლიდან. პუბლიკაცია გამოქვეყნებულია 2022 წელს ჟურნალში The Cryosphere და ხელმისაწვდომია ყველასთვის ღია წვდომის ბმულზე https://tc.copernicus.org/articles/16/489/2022/
2. ჩვენ მიერ ჩატარებული მეორე კვლევა ადასტურებს, რომ ფართობის შემცირების პარალელურად მცირდება კავკასიონის მყინვარების სისქე, მასა, და მოცულობა. მაგალითად, მყინვარების სისქეში შემცირების საშუალოწლიური მონაცემები 2000-2010 წლებში შეადგენდა 50 სანტიმეტრს, ხოლო 2010-2019 წლებში ეს მაჩვენებელი უკვე 1.5-ჯერ იყო მომატებული და შეადგენდა 75 სანტიმეტრს.
საერთო ჯამში ჩვენი მონაცემებით 2000-2019 წლებში კავკასიონის მყინვარების მასა 13 კუბური კილომეტრით შემცირდა, რაც დაახლოებით 11 მილიარდი ტონა წყლის ექვივალენტია. პუბლიკაცია გამოქვეყნებულია 2022 წელს ჟურნალში Atmosphere და ხელმისაწვდომია ყველასთვის ღია წვდომის ბმულზე https://www.mdpi.com/2073-4433/13/2/256...", - აღნიშნავს ლევან ტილეიძე.
0
0