
ეს არის ივანიშვილის წინასწარ გაცხადებული სპეცოპერაცია, სადაც უბრალოდ როლები ექნებათ მორგებული გარკვეულ ფიგურებს. ზოგი იქნება სისტემური ოპოზიცია, ზოგი მმართველი ე.წ. პარტიის, დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი - კონკრეტულ კანდიდატებსა და დეტალურ პროცესს ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი არ აქვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, საპროტესტო ელექტორატის უდიდესი ნაწილი „საერთოდ არ აპირებს ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას“.
„სპეცოპერაციაში მონაწილეობა თავისთავად ნიშნავს თვითდაზიანების რეჟიმში გადასვლას. ამიტომაც შეუძლებელია, რომ რაღაც პოზიტიური პროცესები წარიმართოს რომელიმე იმ ძალაში, რომელიც სისტემური ოპოზიციის როლს სჯერდება და იღებს მონაწილეობას ივანიშვილის სპეცოპერაციაში. საპროტესტო ელექტორატის დაკვეთა ეს არ გახლავთ. ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობს, ისევ საკუთარ თავს დააზიანებს და ეს იქნება ხილული ამ თვეების განმავლობაში. არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ კონკრეტულ კანდიდატებსა და დეტალურ პროცესს ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი არ აქვს, ვერ ვხედავთ აზრს. ეს არის სპეცოპერაცია. ვინ რა როლს მოიგებს, ვის რა როლი ერგება საკუთარი ინიციატივით თუ ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია და არც ვფიქრობთ საინტერესო იყოს ამ საკითხებზე მსჯელობა.
რაც შეეხება შეხვედრას ბერლინში, შეხვედრების წინააღმდეგი ჩვენ არ ვართ. ვისაც სადაც უნდა იქ შეხვდება ერთმანეთს და ისაუბრებს. პოლიტიკური პროცესის განუყოფელი ნაწილია როცა ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, გინდათ კულუარები დაარქვით, გინდათ კაბინეტი და კაფე. რა მნიშვნელობა აქვს სად შეხვდება და სად გაუზიარებს პოლიტიკურ პოზიციებს. უბრალოდ თვითონ ეს პროცესი არის მათთვის დამაზიანებელი. ეს პროცესი არის არალეგიტიმური ამორალური, რომ ოპოზიციური ძალა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ საპროტესტო ელექტორატის ნების გამომხატველი იყოს, ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობს.
ყველაზე მარტივად პროგნოზირებადი სპეცოპერაცია გახლავთ. გასაგებია, რომ საპროტესტო ელექტორატის უდიდესი ნაწილი საერთოდ არ აპირებს ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას. ეს არის წინასწარ გაცხადებული ივანიშვილის სპეცოპერაცია, სადაც უბრალოდ როლები ექნებათ მორგებული გარკვეულ ფიგურებს. ზოგი იქნება სისტემური ოპოზიცია, ზოგი მმართველი ე.წ. პარტიის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
0
0