
"კანონები ორმაგი სტანდარტების გარეშე უნდა განიხილებოდეს, რაც მიუღებლად მიიჩნევა საქართველოში ან უნგრეთში, იგივე საზომით უნდა ფასდებოდეს გერმანიაში ან რუმინეთში"- განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.
ალან ბერსეს პოზიცია ევრონიუსმა გამოაქვეყნა. ის მასალაში საუბრობს უცხოური გავლენის კანონების წარდგენაზე ევროპის მასშტაბით.
განმარტავს, რომ მიზნები შესაძლოა ლეგიტიმური იყოს, მაგრამ, ეს ზომები კრიტიკის ჩასახშობად, ან სამოქალაქო სივრცის შესაზღუდად არ უნდა გამოიყენებოდეს.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შეფასებას იზიარებს "ქართული ოცნება", სადაც საქართველოსთან მიმართებით სწორედ ორმაგ სტანდარტზე მიუთითებენ.
ოპოზიციის შეფასებით, ევროპულ ქვეყნებსა და საქართველოში განსხვავებული კონტექსტია.
"ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრი, გრიგოლ გეგელია, ბერსეს განცხადება ინფანტილურს უწოდებს.
"ბატონ ბერსერს ვურჩევდი, რომ კონტექსტი გაითვალისწინოს ძალიან კარგად და დაინახავს, როდესაც საფრანგეთში, ან სხვაგან იღებენ მსგავსი ტიპის კანონს, იქ ეროვნული ინტერესის მტრების გავლენის შეზღუდვა არის ამოცანა.
როცა საქართველოში მიიღეს კანონი, აქ პირიქით, პარტნიორების გავლენის შეზღუდვა იყო ამოცანა. არასერიოზულია ნებისმიერი მსჯელობა, რომელიც კონტექსტს, სოციალურ, ეკონომიკურ, გეოპოლიტიკურ და სხვა ფონებს არ ითვალისწინებს. ეს არის ინფანტილური მსჯელობა", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" უნდა ესმოდეს, რომ ვერცერთი ცალკე აღებული კანონი, რაც არ უნდა კეთილშობილური იყოს ის, ვერ იმუშავებს საქართველოში, "სანამ ეს ქვეყანა არ დაუბრუნდება კონსტიტუციურ წესრიგს":
"ვერ ვხედავ ვერანაირი ორმაგ სტანდარტს. აქ, ამ შემთხვევაში "ოცნებას" უნდა ესმოდეს, რომ ვერცერთი ცალკე აღებული კანონი, ვერცერთი ცალკე აღებული ინიციატივა, რაც არ უნდა კეთილშობილური იყოს ვერ იმუშავებს საქართველოში, სანამ ეს ქვეყანა არ დაუბრუნდება კონსტიტუციურ წესრიგს.
ერთი მხრივ, "ოცნებას" უნდა ეს ყველაფერი დაანგრიოს და მეორე მხრივ, რაღაც კანონები მიიღოს და იძახოს, თურმე ეს კანონები არის პირდაპირ გადმოღებული ევროპული ქვეყნებიდან, ეს ასე არ გამოვა," - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
0
0