27/04/2023
09:27
პოლიტიკა
ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება ომი, ქვეყანას სჭირდება მშვიდობა. გვინდა ამ რყევებს და დაძაბულობას ავერიდოთ, გვინდა საკუთარი დღის წესრიგი გვქონდეს, ჩვენი განვითარებისთვის და ჩვენი მომავლისთვის, - ამის შესახებ მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა 30 აპრილს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ამისთვის საჭიროა, სიფხიზლე და ერთი იდეის ქვეშ გაერთიანება.
„როდესაც ქვეყანას რამე დაემუქრება ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან - ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, ამას სხვა ალტერნატივა არ აქვს. ასე რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას კი არ ვყოფთ და ვანაწევრებთ, არამედ მისი გაერთიანებისთვის ვირჯებით. უნდა ვიგრძნოთ ერთმანეთის ძალა, პასუხისმგებლობა ავიღოთ, ეს ძალა უნდა იგრძნოს ხელისუფლებამაც და იყოს მოტივირებული ხელისუფალი, ჯარი პოლიცია და ა.შ. ეს უნდა იყოს გზავნილიც, რომ დაგვინახონ ჩვენმა მეზობლებმა, რომ ისე არ არის, რომ ყველაფერს ბრმად გავყვებით და ყველაფერზე ყაბულს ვართ. ეს არის ღირსების და თავმოყვარეობის თემა. ქვეყანა, რომელმაც მიიღო ამ უახლოს პერიოდში ამდენი შეურაცხყოფა, უსამართლო რეზოლუციები თუ სანქციები - ამაზე ხმის ამოღება ჩვენი ვალია. ქვეყანამ თავისი პრესტიჟი უნდა დაიცვას, რისთვისაც არსებობს საზოგადოება. ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს.
რა ისმის ბოლო დროს ჩვენი მისამართით და როგორი ჩარევებია - ამბობენ თუ არა, რომ მაიდანი უნდა მოეწყოს, იყო თუ არა საუბარი, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ ჩვენ ომში უნდა ჩავერთოთ, იყო თუ არა შიდა დაპირისპირებისთვის მცდელობები. შენ თუ ამდენი უსიამოვნო თემები მომახვიე და თან დამიანონსე, რომ შეიძლება ძალადობრივად შეიცვალოს ხელისუფლება, - [მეუბნები] რომ რომელიღაც კრიმინალი გავათავისუფლო ციხიდან, - მაშინ ჩვენი ნება სად არის? თუ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები კარნახის ქვეშ იქნება, რა დაგვრჩენია ჩვენ როგორც ერს?“, - განაცხადა ზაზა პაპუაშვილი.
„მოვდივარ“ - ამ სახელწოდების აქცია თბილისში 30 აპრილს, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. „არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, - ეს იქნება მთავარი სათქმელი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეკრებაზე გააჟღერებენ. გზავნილების ადრესატები პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან.
0
0