
17 მარტის ღამეს, დიდ დიღომში, 12 წლის ანა იანუშაიტიტე მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა, სახლთან ახლოს, პეტრიწის 12 ნომერთან, ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე იპოვეს.
ანას დედა გამორიცხავს, რომ მისი შვილი საკვების გადაცდენით გამოწვეული პირღებინებით გაიგუდა. ის ამბობს, რომ ანა ძალადობას ემსხვერპლა. ანას სხეული დედამ მისხალ-მისხალ დაათვალიერა:
„ჩემს შვილს ყოველთვის გაწკრიალებული, ფითქინა სახე ჰქონდა. ეს ნაკაწრებიც თავისით მიიყენა? ბავშვს მანამდე არანაირი ნაკაწრი არ ჰქონდა სახეზე. დაზიანება ჰქონდა მარცხენა მუხლის ზევით. ნაკაწრი ჰქონდა ზურგზეც, რომელსაც თავისით ვერ მიიყენებდა, რადგან ეცვა გრძელი, ე.წ. ჰუდი ელვა შესაკრავით, შიგნიდან როლინგი. ამდენი ტანსაცმელი ასე მარტივად ვერ წამოეწეოდა. ეს არის ფიზიკური ძალადობის დროს მიყენებული ნაკაწრი“, - ამბობს ანას დედა.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ნატო ხუტაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს, ეს არის ადგილი, სადაც ანას სხეული იპოვეს.
მისივე ვარაუდით, ბავშვს პირღებინება არა საკვების გადაცდენით, არამედ ძლიერი სტრესის გამო დაეწყო:
„ბავშვი შეყვანილია გაუვალ ჯაგებში. იმ ტერიტორიაზე, სადაც ანა ვნახეთ, ხეები ქარის ზემოქმედების შედეგად, ფაქტობრივად, მიწაზე დაწოლილი იზრდებოდა. აი, ამ ხეების, ამ მიწაზე დაფენილი ხეების ქვეშ იწვა ბავშვი, გულაღმა, მხოლოდ სულ ოდნავ იყო გვერდზე გადახრილი. როგორ, თუკი საკვები გადასცდა და ამის გამო ღებინება დაეწყო, რატომ იწვა გულაღმა? ნებისმიერი ადამიანი, ვისაც გული ერევა, პირიქით, ცდილობს წაიხაროს. წვეთი მასა არ იყო გარეთ გადმოსული.
მხოლოდ პირის ღრუ, ცხვირი და ფილტვები ჰქონდა სავსე. ეს მიჩენს ეჭვს და არსებობს ვერსია, რომ ბავშვს, სავარაუდო მოძალადემ პირზე ააფარა ხელი და ამის გამო მასა არა პირიდან, არამედ ცხვირიდან გადმოვიდა. ძალიან ლოგიკურია, რომ ბავშვს სტრესის ფონზე დაეწყო პირღებინება და არა იმიტომ, რომ რაიმე გადასცდა. როგორ ღებინება ჰქონდა, იხრჩობოდა და ხის ქვეშ შეწვა? ისეთი ხის ქვეშ, საიდანაც ვერ გამოვა? ეს ხომ აბსურდია.
ეს არის ბლეფი. ამას ოჯახი არ დაიჯერებს. ეს არის დამალული გვამი. ეს არის დევნა და ეს არის იძულებით შეთრევა. სამი კომშის ხე იდგა იქ, აი ამ კომშის ხეების ქვეშ იყო შეთრეული. მთელი უბანი წამალზე დამოკიდებულია. უმეტესობას გონება აქვს არეული, ვეღარ ვიგებ, ვის რა შეიძლება მოვკითხო და ვინ შეიძლება იყოს ამის გამკეთებელი. დიდი იმედი მაქვს, რომ ამას გამოძიება გამოიკვლევს, რთული საქმეა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია“.
ნატო ხუტაშვილი ეხმაურება მისი შვილის გარდაცვალების დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს ოჯახმა ბავშვის ცხედარზე ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი თქვა:
„მინდა ხაზგაზმით ვთქვა, რომ მაშინვე განვაცხადე თანხმობა, რომ ბავშვს სრული ექსპერტიზა ჩასტარებოდა, რათა გამოძიება გავიდეს გარდაცვალების რეალურ მიზეზზე“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ნატო ხუტაშვილმა.
რაც შეეხება ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომელმაც ანას გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს და გამოძიების მსვლელობაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულოს, ის 7-10 დღის განმავლობაში უნდა გადაეცეს გამოძიებას.
რადიო "თავისუფლება"
0
0
შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა
11/08/2025
სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა
10/08/2025