20/09/2024
15:07
მსოფლიო
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი მის მიერვე ნაჩუქარ Tesla-ს ელექტრომობილ Cybertruck-ის დისტანციურად გათიშვაში დაადანაშაულა.
კადიროვმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ მანქანა, რომელიც, მისი თქმით, საბრძოლო დავალებებს შესანიშნავად ასრულებდა, Tesla-მ დისტანციურად გათიშა და ფრონტის ხაზიდან მისი ბუქსირით გატანა მოუწიათ.
„ილონ მასკი ცუდად მოიქცა. ის ძვირფას საჩუქარს გულით მჩუქნის და შემდეგ დისტანციურად თიშავს. ეს არაკაცური საქციელია. ასე როგორ შეიძლება, ილონ?“, - წერს კადიროვი Telegram-ზე.
17 აგვისტოს, კადიროვმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ მასკისგან საჩუქრად ელექტრომობილი მიიღო, რომელსაც უკრაინის საბრძოლო ზონაში რუსეთის მხარეს მებრძოლებს გადასცემს "შესაბამის პირობებში" გამოსაყენებლად. თუმცა Tesla-ს ხელმძღვანელმა უარყო, რომ კადიროვს მანქანა აჩუქა.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ერთგული მოკავშირე, კადიროვი „რკინის მუშტით“ მართავს ჩეჩნეთს, სადაც მის მთავრობას ბრალს სდებენ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაში.
0
0