12/03/2025
11:05

უკრაინა არ წარმოადგენს დაბრკოლებას მშვიდობისთვის, ის პარტნიორია მის აღდგენაში, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აშშ-სა და უკრაინას შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს უკრაინამ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ჯედაში გამართული შეხვედრის შედეგად გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში. ეს არის წინსვლისკენ გადადგმული ნაბიჯი და იმის დამადასტურებელი, რომ უკრაინა მზად არის, წინ წავიდეს ომის სამართლიანი დასრულების გზაზე. ასე ხდება, როდესაც მოკავშირეები საუბრობენ გულწრფელად, გულახდილად და ობიექტურად. ერთობლივი განცხადება ეხება ცეცხლის დროებით შეწყვეტას, შეზღუდული დროით – 30 დღის განმავლობაში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი თანხმობას განაცხადებს“, – წერს სიბიგა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ცეცხლის დროებითი შეწყვეტა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არ ნიშნავს კონფლიქტის გაყინვას და არის ომის სამართლიანი გზით დასრულების დაწყების მცდელობა. სიბიგამ ასევე აღნიშნა, რომ ცეცხლის დროებითი შეწყვეტა იმუშავებს მხოლოდ იმ პირობით, თუ რუსეთი მიიღებს და ისინი ერთდროულად შეასრულებენ მას.
„ეს ასევე აჩვენებს, ვინ არის რეალურად დაინტერესებული მშვიდობით“, – აღნიშნავს სიბიგა.
სიბიგას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივ განცხადებაში პირდაპირ არის აღნიშნული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებისა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაუყოვნებლივი აღდგენის შესახებ.
„გარდა ამისა, განცხადება პოზიტიურ სიგნალს იძლევა უშუალოდ უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებისგან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე. უფრო მეტიც, ის პირდაპირ აკავშირებს ამ შეთანხმებას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინის გრძელვადიანი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გარანტიასთან. ეს არის ის, რასაც უკრაინული მხარე ცდილობდა“, – წერს სიბიგა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტყვეების, სამოქალაქო პირების გათავისუფლებას, ასევე უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას, რაც უკრაინის პრინციპული პოზიცია იყო.
„ასევე მნიშვნელოვანი იყო უკრაინული მხარისთვის პირდაპირი მითითება იმის შესახებ, რომ ევროპელმა პარტნიორებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებაში. ჩვენი პოზიციაა: არ არსებობს ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოების გადაწყვეტის გზები ევროპის გარეშე“, – განაცხადა სიბიგამ.
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.
0
0