
[მამუკა ხაზარაძე] ეს ადამიანი იმდენად უსამშობლოა, რომ საკუთარ უსამშობლობასაც ვერ ხვდება და ღიად საუბრობს იმას, რომ ის მოქმედებს არა საქართველოს ინტერესებით, არამედ სხვა ქვეყნების პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჯგუფების ინტერესებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ ანაკლიის პორტი ამერიკული ინვესტიციით უნდა აშენდეს.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სადაც ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი ემთხვევა სხვა ქვეყნების ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს, იქ დგება ალიანსები და თანამშრომლობა.
„ეს ადამიანი იმდენად უსამშობლოა, რომ საკუთარ უსამშობლობასაც ვერ ხვდება და ღიად საუბრობს იმას, რომ ის მოქმედებს არა საქართველოს ინტერესებით, არამედ სხვა ქვეყნების პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჯგუფების ინტერესებით. საქართველოს ხელისუფლება არ მოქმედებს არც აშშ-ის ინტერესებით, არც რუსეთის ინტერესებით, არც ჩინეთის ინტერესებით, არც გერმანიისა თუ საფრანგეთის ინტერესებით, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებს ერთადერთი - ქართველი ხალხის ინტერესებით, ეს არის ამოსავალი წერტილი. მამუკა ხაზარაძესა და მისნაირ თაღლითებს, რომლებსაც დღესაც 600 ათასი დოლარი აქვთ ჩასარიცხი საქართველოს ბიუჯეტში, უცხოელების მხრიდან გასაქანი რომ აქვთ მიცემული ქართულ პოლიტიკაში, ამიტომაც ვხედავთ, რომ უცხო ქვეყნების პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჯგუფების ინტერესებია წარმოდგენილი ოპოზიციაში დღეს. ამიტომ ფროიდისეული წამოცდენაა ხაზარაძის მხრიდან, რაც მას გულში უდევს. ის სინამდვილეში ყველა საკითხს უყურებს არა ისე თუ რა ინტერესი აქვს ქართველ ხალხს, არამედ რა ინტერესი აქვთ სხვადასხვა ქვეყნებს. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური, ამოვდივართ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესით და სადაც ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესი ემთხვევა სხვა ქვეყნების ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს, იქ დგება ალიანსები და თანამშრომლობა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აუცილებელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციები სასწრაფოდ დაბრუნდეს ანაკლიაში. მისივე თქმით, ამერიკას სურს ცენტრალური აზიის ნედლეულის ბაზარზე წვდომა, რაც საქართველოს და ანაკლიის პორტის გავლით უნდა მოხდეს.
0
0