
ის ერთობა, რაზეც ბატონი მამუკა ხაზარაძე საუბრობს, რა თქმა უნდა, არის მისასალმებელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„მე 26 ოქტომბრამდეც ვთვლიდი და ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომ უფრო მსხვილი ერთობები იყო საჭირო. ჩვენ არავითარ შემთხვევაში იმის რევიზირებას არ ვახდენთ, რომ არჩევნები გაყალბდა. ვამბობთ, რომ არჩევნები არის ტოტალურად გაყალბებული, ასობით ათასი ხმა არის მითვისებული სხვადასხვა მანიპულაციის გზით, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, ჩვენ მიგვაჩნია დღესაც და მომავალშიც მივიჩნევთ, რომ ერთიან ფრონტს არ აქვს ალტერნატივა. ის ერთობა, რაზეც ბატონი მამუკა ხაზარაძე საუბრობს, რა თქმა უნდა, არის მისასალმებელი. იმ პრინციპულ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას აქვს, მე მგონი, შეთანხმება ისედაც გვაქვს მიღწეული. ეს არის ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მაგრამ ამის მიღმა არსებობს სხვა უამრავი საკითხი, სადაც ოპოზიციის კონსოლიდაცია არის მნიშვნელოვანი. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ჩვენ საკმაოდ შეხმატკბილებულად ვმუშაობთ და ნათელი დასტური არის ის შედეგები, რასაც საგარეო ასპარეზზე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ჩვენ ვაღწევთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ამავე დროს, ქვეყნის შიგნით კიდევ უფრო მეტი ერთობა ვაჩვენოთ“, – განაცხადა სანიკიძემ.
მისი თქმით, ამ სახის ერთიანობის პრობლემა არ არსებობს ამ პარტიებში მყოფი ახალგაზრდების მიმართულებით.
„ჩვენ ყოველდღიურად, სასამართლოს ეზოში, აქციაზე, დარბევის დროს, ანუ, იქ, სადაც მუხტი არის, სადაც რეალურად საზოგადოება იბრძვის, მგონია, რომ ახალგაზრდული ნაწილი ბევრად უფრო მეტ საერთო ენას პოულობს, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ პარტიების უმაღლეს ეშელონებს“, – განაცხადა სანიკიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ხდება ამ უმაღლეს ეშელონებში, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, ბევრი მათგანი ჩარჩენილია 26 ოქტომბრამდე არსებულ მდგომარეობაში, სადაც ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ.
„მაინც მგონია, რომ ბევრი მათგანი ჩარჩენილია 26 ოქტომბრამდე არსებულ მდგომარეობაში, სადაც ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით და ეს მიმაჩნდა არასწორად. შეიძლება, საერთო მიზნისკენ მივდიოდით, მე არ ვიტყვი, რომ ყველა ასე მიიჩნევს. არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ გაერთიანება არის უაზრო და სჯობს, ცალ-ცალკე ვიასპარეზოთ ხოლმე არჩევნებში, მაგრამ დიდი, მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში და სოციოლოგიაც ამაზე მეტყველებდა, რომ მომხრე იყო საერთო არა მხოლოდ ფორმატის, არამედ გაერთიანებების, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის საერთო სიით, საერთო ნომრით წარდგენის“, – განაცხადა სანიკიძემ.
0
0
სამხრეთ კორეის ქალაქი პოჩონი დაიბომბა
06/03/2025