
უკრაინას სურს, მსოფლიოს აჩვენოს, რა მოხდა ქალაქ ბუჩაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელიც დღეს ბუჩაში ჩავიდა.
მან პირობა დადო, რომ ქვეყანა არ გაჩერდება, ვიდრე დამნაშავეებს არ გამოავლენს.
ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენთვის მთავარია, რომ პრესა აქ იყოს, ქალაქში“.
„ჩვენ გვინდა, რომ მთელ მსოფლიოს აჩვენოთ, აქ რაც მოხდა. რა ჩაიდინეს რუსმა სამხედროებმა. რა ჩაიდინა რუსეთმა მშვიდობიან უკრაინაში. მნიშვნელოვანი იყო იმის ჩვენება, რომ ესენი იყვნენ მშვიდობიანი მცხოვრებლები“ , - განუცხადა ზელენსკიმ მედიას.
მისი თქმით, არსებული ვითარება წარმოადგენს სიცოცხლის, სიკვდილისა და წამების საკითხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მოძებნის ამ სიმხეცეში დამნაშავეებს.
„ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურ ზეწოლას. ჩვენ ერთი წუთით არ გავჩერდებით, რათა ყველა დამნაშავე ვიპოვოთ და ვფიქრობ, ეს ცივილიზაციასაც დაეხმარება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
„თუკი ჩვენ არ ვიპოვით ცივილიზებულ გადაწყვეტილებას, უკრაინელი ხალხი იპოვის არაცივილურ გადაწყვეტილებას ამ საკითხის გადასაწყვეტად“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
0
0