
“კროკუს სითი ჰოლში” მყოფი ერთერთი მაყურებელი ჰყვება, რომ ერთერთი ტერორისტი განაიარაღა იმ დროს, როცა ის იარაღის გადატენვას ცდილობდა. ამის შესახებ მან ტელეარხ “რასსია 24”-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, მეუღლეს ხელი ჰკრა, ტერორისტს ავტომატი წაართვა, ძირს დაქაჩა და თავში ურტყამდა.
“შევხედე ჩემს მეუღლეს… მის თვალებში საშინელება დავინახე და მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა”, - ამბობს საკონცერტო დარბაზში ტერაქტის დროს მყოფი ერთერთი მაყურებელი.
მისივე თქმით, მასთან კიდევ ერთმა მამაკაცმა მიირბინა და თავდამსხმელის გათიშვაში დაეხმარა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა მისი დაჯილდოვების ბრძანება გასცა. უწყების ცნობით, მამაკაცმა ტერორისტი განაიარაღა და ამ გზით საკუთარი მეუღლისა და გარშემო მყობი ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. ბოლო მონაცემებით, ოფიციალურად 133 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული. კლინიკებში 121 ადამიანი იყო განაწილებული. ტერაქტის შემდეგ კლინიკაში გადაყვანილი დაშავებულებიდან სამი ბავშვი და ორი მამაკაცი გარდაიცვალა.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ოთხივე ტერორისტი.
24 მარტი რისეთის ფედერაციაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
0
0