11/04/2024
20:38
საზოგადოება
იტალიურმა სერია A-მ „ნაპოლის“ შემტევ ხვიჩა კვარაცხელიაზე ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც 23 წლის ქართველი ვარსკვლავი ფეხბურთში თავის პირველ ნაბიჯებზე, ნეაპოლში ცხოვრებაზე საუბრობს.
მისი თქმით, მარადონა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ფანები მას რომ ადარებენ, მისთვის სასიამოვნოცაა.
„მარადონა ერთ-ერთი საუკეთესო იყო ფეხბურთის ისტორიაში. ვფიქრობ, სიგიჟეა, როცა ადამიანები ცდილობენ მასთან ჩემს შედარებას, მაგრამ ჩემთვის ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა და ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო. მარადონას გუნდში თამაში, ცხადია, სასიამოვნოა და პატივია, იმავე კლუბის მაისური რომ მაცვია, საამაყოა.
„ნაპოლიში“ გადასვლამდეც მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მარადონა საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ის მისი კერპი იყო.
როდესაც ჩემი მშობლები ჩამოდიან, სტადიონზე ყოველთვის მიმყავს. ისინი ასევე ცდილობენ პიცის, პასტის და სხვა გემრიელი საკვების საჭმელად ქალაქში გავიდნენ. ძალიან მოსწონთ იტალიური სამზარეულო, რომელიც მსოფლიოში ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა.
ერთადერთი, რაზეც პიცას გავცვლიდი, ეს არის ხაჭაპური და ხინკალი, ქართული კერძები. ვფიქრობ, ქართველები და ნეაპოლელები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, რადგან როცა რაღაცას ვაკეთებთ, ყოველთვის საუკეთესო შედეგის მიღება გვინდა. საქართველოშიც ფეხბურთი ძალიან უყვართ, როგორც ნეაპოლში. ნეაპოლს შესანიშნავი ხედები აქვს, ისევე, როგორც თბილისს, რომელიც ლამაზი ქალაქია“, - აცხადებს კვარაცხელია.
0
0