20/04/2023
00:17
პოლიტიკა
გაზეთებიდან და ტელევიზიებიდან გაუგიათ თურმე ვიღაცებს, რომ კორუფციაში იყო ჩართული რამდენიმე მოსამართლე და ამის გამო დააწესეს ე.წ. სანქციები. შემდეგ უკან დაიხიეს და თქვეს, რომ ეს არ არის სანქცია, არამედ სავიზო შეზღუდვა. „მთავარზე“, „ტვ. პირველზე“ და გაზეთ „ალიაში“ რაღაცას რომ წაიკითხავ, ესაა თურმე საკმარისი საფუძველი იმისა, რომ მოსამართლე დაასანქცირო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მოსამართლის მიმართ მოქმედებს ყველაზე მაღალი ხარისხით დამოუკიდებლობის სტანდარტი და შესაბამისად, დისციპლინური წარმოების სანქცირების სტანდარტი. მაგალითად ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, გამორიცხულია, რომ უტყუარი მტკიცებულების გარეშე ვინმემ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყოს მოსამართლის წინააღმდეგ და გაფრთხილებასაც კი ვერ მისცემ. ასეთ პირობებში ვიღაც გეუბნება, რომ არ მაინტერესებს არც დისციპლინური წარმოების სტანდარტები, არც მტკიცებულებები, არაფერი მაინტერესებს - უბრალოდ შემიძლია „მთავარი არხიდან“, „ალიადან“ და ნოდარ მელაძისგან მიღებული ინფორმაციით ვიღაცას ვუწოდო კორუმპირებული და დავასანქცირო.
გამაოგნებელი იყო დღეს კიდევ ერთი განცხადება შესაბამისი პირის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე კეზერაშვილი უარყოფს საკუთარ ბრალდებას ევროპელი პენსიონერების ძარცვასთან დაკავშირებით და ამიტომ არის საჭირო გამოძიების ბოლომდე მიყვანა. ანუ, ერთ შემთხვევაში შეგიძლია წაიკითხო „ალია“ და უყურო „ტვ. პირველს“, გამოიტანო დასკვნები და დაასანქცირო მოსამართლე და მეორე შემთხვევაში არის ქართული მედია, ყველაზე რეიტინგული მედიასაშუალებები, რომლებიც დიდი ხანია უკვე საუბრობენ კორუფციულ სკანდალებზე, რაც კეზერაშვილს უკავშირდება, არის ქართველი და გერმანელი პროკურორების ერთობლივი გამოძიება და არის უკვე bbc-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი. ანუ - ერთ მხარეს არის პოლიტიკურად მიკერძოებული ორი, სამი მედიასაშუალება - ალია და ტვ პირველი, რომლებიც საუბრობენ, რომ ოთხი მოსამართლე არის კორუმპირებული და მეორე მხარეს არის BBC, ყველაზე რეიტინგული ქართული მედიასაშუალებები, არის ოფიციალური გამოძიება ქართულ-გერმანული, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ კეზერაშვილი არის ბრალდებული ევროპელი პენსიონერების ძარცვაში და თურმე აქ საკმარისია, რომ კორუმპირებული დაუძახო 4 მოსამართლეს და იქ კი არაფერია საკმარისი და გამოძიება უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0