07/07/2023
10:45
საზოგადოება
“ამდენი ადამიანი ცოცხლად დაიწვა ჩვენს თვალწინ, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს ამ უდიდეს ტკივილს”, – ქუთაისის აეროპორტთან დატრიალებულ ტრაგედიას თვითმხილველი ნანა ლეჟავა იხსენებს.
თვითმხილველი ამბობს, რომ ავტომობილის ბორდიურზე ძლიერი შეჯახებით გამოწვეულმა ცეცხლმა 10 წუთში მანქანა ფერფლად აქცია.
“პირველები შევესწარით მე და ჩემი ოჯახი ამ უბედურებას. წამებში გაქრა მანქანა. იმწამსვე ყველასთან ვითხოვეთ დახმარება 112-ის საშუალებით, მაგრამ ამაოდ. ბორდიურზე ძლიერი შეჯახებით გამოწვეულმა ცეცხლმა 10 წუთში ფერფლად აქცია მანქანა. ხეებში ჩაჩეხილი აყირავებული მანქანა, საშინელი შავი ბოლი და ერთ-ერთი გოგოს კივილის ხმა, – მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება. ნუთუ იმისთვის მოვაბრუნეთ ჩვენი მანქანა, რომ ეს საშინელება მენახა. გოგოს სიკვდილამდე იმის განცდა მქონდა, რომ ერთ-ერთი მაინც გადაარჩინა ჩვენმა ზარმა. სრული შოკი გვაქვს მიღებული, ამდენი ადამიანი ცოცხლად დაიწვა ჩვენს თვალწინ. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს ამ უდიდეს ტკივილს. მარადიული სასუფეველი ჰქონოდეთ. მე მუდამ ვილოცებ ამ ანგელოზების სულებისთვის, გემუდარებით, იარეთ ნელა”, – წერს სოციალურ ქსელში ნანა ლეჟავა.
ქუთაისის აეროპორტთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ლაშა წიქორიძე, მამუკა ბრეგვაძე, გიორგი მამისეიშვილი, ჯუბა კუხიანიძე და ეკა სანიკიძე – ეს ახალგაზრდები ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ერთ ავტომობილში ისხდნენ, მანქანა კი ბეტონის ჯებირს შეეჯახა, გზიდან გადავარდა და აფეთქდა.
გარდაცვლილი ბიჭები ერთი სოფლიდან, მეზობლები და მეგობრები იყვნენ. ისინი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ცხოვრობდნენ.
რაც შეეხება გარდაცვლილ ეკა სანიკიძეს, ის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან არის.
ავტოსაგზაო შემთხვევის დაშავებული კიდევ ერთი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
0
0