
ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის სახლში გამოძიების ფედერალური ბიურო ჩხრეკას ატარებს. ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
ამერიკული მედიის ცნობით, ჩხრეკა საიდუმლო დოკუმენტებთან მოპყრობის გამოძიების ფარგლებში ტარდება.
ჯონ ბოლტონი დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას იკავებდა, თუმცა მოგვიანებით მისი კრიტიკოსი გახდა.
როგორც „ესოშიეთიდ პრესი“ თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, ბოლტონი დაკავებული არ არის და მას ბრალი წარდგენილი არ აქვს. იუსტიციის დეპარტამენტში ჩხრეკასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.
გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კაშ პატელმა, რომელმაც 2023 წლის წიგნში ბოლტონი „დიფ სთეითის“ აღმასრულებელი შტოს წევრების სიაში შეიყვანა, სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა.
„არავინ დგას კანონზე მაღლა. გამოძიების ფედერალური აგენტები დავალებას ასრულებს“, – წერს პატელი.
ბოლტონის სახლში ჩხრეკა იმ ფონზე ტარდება, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია სწავლობს 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის წარმომავლობას. აღნიშნულ საქმეს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ტრამპის წინააღმდეგ გაყალბებულად მიიჩნევენ.
პრეზიდენტის თანამდებობის მეორე ვადით დაკავების პირველივე დღეს დონალდ ტრამპმა რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუზღუდა, მათ შორის ჯონ ბოლტონს.
ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს ჯონ ბოლტონს ადანაშაულებდნენ, რომ მისი წიგნი, რომელიც ტრამპის მთავრობაში მის მუშაობას ეხებოდა, საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდა. თუმცა 2021 წელს იუსტიციის დეპარტამენტმა სარჩელი გაიწვია.
0
0