
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა პასუხისმგებლობა აიღო იემენის წინააღმდეგ დაგეგმილ დარტყმებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნებაზე.
Fox News-თან ინტერვიუში უოლცმა დაადასტურა, რომ მან შექმნა ჩატი, სადაც გავრცელდა იემენის წინააღმდეგ დაგეგმილი დარტყმების სენსიტიური დეტალები, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას არ წარმოადგენდა.
„დიახ, ეს სამარცხვინოა. მე უკვე ვესაუბრე ილონ მასკს. ჩვენ გვყავს საუკეთესო ტექნიკური გონების ადამიანები, რომლებიც იკვლევენ, თუ როგორ მოხდა ეს. თუმცა შემიძლია, გითხრათ 100%-ით, მე ამ ჟურნალისტს არ ვიცნობ. მე მას მისი საშინელი რეპუტაციით ვიცნობ. ვიცი, რომ მას სძულს პრეზიდენტი, მაგრამ მე მას არ ვწერ. ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას. მე შევქმენი ჯგუფი, ჩემი საქმეა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი კოორდინირებულია“, – განაცხადა უოლცმა ინტერვიუში.
ამასთან, ჟურნალისტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველს კითხვა დაუსვა, თუ როგორ აღმოჩნდა ჟურნალისტის ნომერი დახურულ ჯგუფში.
„გქონიათ თუ არა სიტუაცია, როცა მობილურის კონტაქტში ერთი ადამიანის სახელი იწერება, მაგრამ სხვა ადამიანის ნომერია?“, – უპასუხა უოლცმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი შემთხვევით ჩაამატა ჯგუფურ ჩატში, სადაც ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იემენში „ჰუსიტებზე“ საჰაერო დარტყმების გეგმებს განიხილავდა.
0
0