04/11/2024
15:25
კულტურა
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, 6 ნოემბრიდან ეროვნული გალერეა XIX საუკუნის ქართული პორტრეტული ფერწერის გამოფენას უმასპინძლებს.
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ერთ დარბაზში გამოიფინება შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული XIX ს.-ის ე. წ. ტფილისური პორტრეტული სკოლის დაზგური ფერწერის 18 ნიმუში - იმდროინდელი საქართველოს მკვიდრთა - ბატონიშვილების, თავად-აზნაურთა, სამხედრო პირთა, მოხელეთა და მოქალაქეთა პორტრეტული გალერეა: თეკლა ბატონიშვილის პორტრეტი; ახალგაზრდა გურიელის პორტრეტი; ივანე პეტრეს ძე ივანიძისა და მისი მეუღლის - მაგდალინას პორტრეტი და სხვ.
ქართული ხელოვნების ისტორიაში სხვადასხვა მხატვრული სტილის ჩამოყალიბებაზე ზეგავლენას ახდენდა განსხვავებული კულტურული სამყაროები, რაც განპირობებული იყო საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობით და პატარა ქვეყნების ბუნებრივი ხვედრით. XVIII ს.-ის II ნახევარსა და XIX ს.-ის I ნახევარში აღმოსავლურ-ისლამურ და ევროპულ სამყაროთა ზემოქმედების კვალი აშკარად გამოვლინდა არა მარტო ქართველთა ყოფა-ცხოვრებაში, არამედ ქართულ ხელოვნებაშიც.
მრავალსახოვანი იყო საქართველოს დედაქალაქიც, ამიტომაც XIX ს.-ის დასაწყისში ტფილისური პორტრეტული სკოლის გამომსახველობითი სისტემის ფორმირებისას შეიმჩნევა სხვადასხვა მხატვრული ტრადიციის შეთავსება.
ამ სკოლის წანამძღვართაგან აღსანიშნავია თავად ქართული საწყისი - შუა საუკუნეების საქართველოს კედლის მხატვრობაში არსებული საერო ქტიტორული პორტრეტის ხანგრძლივი ტრადიცია; უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ირანული მხატვრობაც.
ტფილისური პორტრეტული სკოლის სტილისტური სახის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროპული დაზგური ფერწერის ზეგავლენით ჩასახულმა XVIII ს.-ის II ნახევრის ქართულმა პარადულმა პორტრეტმაც. საქართველოში შემორჩენილია ტფილისური პორტრეტული სკოლის 200-ამდე ნიმუში, რომელთა მახასიათებელ ნიშნად მიიჩნევა ტიპურობა, ზოგადი და საყოველთაო ხასიათი.
გამოფენა 2024 წლის 6 ნოემბრიდან 2025 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება.
0
0