
ეროვნული ბანკი საგანგებო მნიშვნელობის საკონსტიტუციო ორგანოა, რასაკვირველია, ის არ უნდა მუშაობდეს იმ გარკვეული ბუნდოვანი კანონებით, რომელიც ადრე ხუთი თუ ექვსი წლის წინ იყო მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის პირველი მოადგილე, ვინ შეასრულებს მოვალეობას იქამდე, ვიდრე პრეზიდენტი იქნება შერჩეული.
„კიდევ არის ორი ვაკანსია, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს შევსებული, მათ შორის ერთ-ერთი, ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა დასახელდა, რომლის მიმართ არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არა თუ პრეტენზია არ აქვს, არამედ საკმაოდ დადებითი განწყობა აქვს. თითქოს ასეთივე დადებითი განწყობა ჰქონდა პრეზიდენტსაც, მაგრამ როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფერხების საფრთხე რეალურია, არსებობს და პოლიტსაბჭოს განცხადებაში მოყვანილი იყო რამდენიმე, ვფიქრობ, მძიმე მაგალითი, როდესაც საკითხი ეხება ცესკო-ს, ცესკოს შემადგენლობის არჩევას, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევას. თუ ეს იგივე კონტექსტში შეიძლება იქნას განხილული, მაშინ როდესაც ინფლაციის პროცესებია სამართავი, ვალუტის კურსია სამართავი, რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს იმას, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს პარლამენტი ვეტოდადებულ კანონთან დაკავშირებით.
პოლიტიკური პირი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი იყოს, გინდა ბიძინა ივანიშვილთან იყოს დაკავშირებული, გინდა ჩემთან, გინდ მთელი პოლიტსაბჭოს შემადგენლობასთან. აქ არის პროფესიონალიზმზე ლაპარაკი და ეროვნული ბანკის საქმიანობაზე, რომელიც საგანგებო მნიშვნელობის მატარებელია, მით უმეტეს ახლა, როცა ერთი კრიზისი, მეორე კრიზისი დაძლია ქვეყანამ და რასაკვირველია, არც ომის თემაა დღის წესრიგიდან მოხსნილი. რასაკვირველია, ფინანსების მართვა ვერ იქნება პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, ფინანსების მართვა ვერანაირად ვერ მოხერხდება პარტიული, მიკერძოებული ნიშნებით. ერთადერთი, შეიძლება, საბოტაჟი გამოაცხადოს ამ სტრუქტურამ. იგივე ცესკო – ვერანაირად ვერ შეძლებს გააყალბოს არჩევნები, ესეთი მექანიზმია შექმნილი, მაგრამ საბოტაჟი შეუძლია, გამოაცხადოს. ჩვენ არ ველოდებით, რომ დღევანდელი შემადგენლობა ეროვნული ბანკისა საბოტაჟისკენ წაიყვანს საქმეს, მაგრამ რეალურად თუ საბჭო შეივსება მაღალი დონის პროფესიონალებით, როგორიც თუნდაც ლაშა ხუციშვილია, რომელსაც საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს საერთაშორისო დონეზე, ეს არა თუ ცუდი იქნება, არამედ პირიქით, მისასალმებელიცაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა, ნათქვამია: „სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას, ვერ დავუშვებთ ინსტიტუციურ კრიზისს ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში“.
0
0