
ქართული ხელბურთის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული ბანკი საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობისადმი მიძღვნილ ერთი ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტას უშვებს.
ხელბურთის თემაზე მონეტის გამოშვების თხოვნით საქართველოს ეროვნულ ბანკს ხელბურთის ფედერაციამ მიმართა. აღნიშნული თხოვნა სებ-ის საბჭომ განხილვის შედეგად დააკმაყოფილა.
საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მიიღებს მონაწილეობას. პირველად ქართველმა სპორტსმენებმა 2024 წელს მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური და მონაწილეობა მიიღეს უდიდეს სახელბურთო ფორუმში. აღსანიშნავია ისიც, რომ 2026 წელს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის დაარსებიდან 70 წელი სრულდება.
„„ხელბურთი 2026“ მონეტის დიზაინის ესკიზი საქართველოს ხელბურთის ფედერაციის (დიზაინერი გ. ჟღენტი) მიერ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით მომზადდა. დიზაინის სრულყოფა და მონეტების დამზადება ყაზახეთის ზარაფხანაში ექსკლუზიური ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა. მონეტები 3000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 200 ლარს შეადგენს.
მონეტის რეალიზაცია 2026 წლის 12 იანვარს, დილის 10:00 საათიდან დაიწყება როგორც საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან, ასევე, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0