
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბერში, წლიური ინფლაციის ტემპმა გასულ თვესთან შედარებით დაიკლო და 4.8% შეადგინა, ხოლო თვის ინფლაცია 0.4%-ს გაუტოლდა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, წელს წლიურ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით დიდწილად სურსათის ფასები მოქმედებს. ნოემბრის ინფლაციაში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წვლილი 3.5 პროცენტული პუნქტი იყო. ამ ჯგუფის წონა საქართველოს სამომხმარებლო კალათაში დიდია – 34.5%-ი და შესაბამისად, მისი ფასების ცვლილების გავლენა ინფლაციაზე მნიშვნელოვანია.
„სურსათის ფასებს, სეზონურობის და კლიმატური პირობების ცვალებადობის გამო, დიდი მერყეობა ახასიათებს. გასულ წელს სურსათი ძირითადად დეფლაციური იყო და აქედან გამომდინარე, წელს, სურსათის ინფლაციის ზრდა ნაწილობრივ საბაზო ეფექტს უკავშირდება. ამავდროულად, საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ნედლეულზე ფასების მატება, ადგილობრივ ფაქტორებთან ერთად, სურსათის ინფლაციას დამატებით ზრდის. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მიმდინარე წელს სტაბილურია. ნოემბერში საბაზო ინფლაციამ 2.3% შეადგინა. საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია შედარებით გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობის შესაფასებლად“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ამასთან, სებ-ის ცნობით, ნოემბერში გასულ თვესთან შედარებით სამომხმარებლო კალათაში აღსანიშნავი იყო ზოგიერთი სურსათისთვის, როგორიცაა მანდარინი, კივი, ყველი, პომიდორი დამახასიათებელი სეზონური მერყეობა, როგორც ფასების ზრდის, ასევე კლების მიმართულებით. პურის და ზეთის გაძვირებამ თვის ინფლაცია ჯამში 0.2 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ამ უკანასკნელის გაძვირება მსოფლიო ბაზარზე ბოლო თვეებში მზესუმზირის ზეთის გაძვირებას უკავშირდება.
„წლიურ ჭრილში, როგორც აღინიშნა, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად სურსათის გაძვირება მოქმედებდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გასული წლის ნოემბერთან შედარებით 10.3%-ით გაძვირდა, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 3.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აქედან პურის წვლილი 0.9 პროცენტული პუნქტი იყო. ზეთის, ყველის, კარტოფილის და შოკოლადის გაძვირებაზე დამატებით ჯამში 1.2 პროცენტული პუნქტი მოდიოდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის 8.0%-იანი ინფლაცია, რამაც ინფლაცია 0.7 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ინფლაციის შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად ინტერნეტის გადასახადი მოქმედებდა – -0.12 პროცენტული პუნქტით“, – ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.
რაც შეეხება ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტების ინფლაციას, წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა.
„ადგილობრივი ინფლაციის ზრდას დიდწილად პურისა და ყველის ფასების ზრდა განაპირობებს. მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, მიზნობრივზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება და ნოემბერში 2.6%-ს გაუტოლდა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
0
0