
მარტში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 9.8%-ით, 320.6 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 14.5%-ით, 36.7 მლნ აშშ დოლარამდე, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
ეროვნული ბანკის ცნობით, ზრდაში წამყვანი კონტრიბუცია ევროკავშირიდან მიღებულმა ფულადმა გზავნილებმა შეიტანა წლიური 10.7%-იანი ზრდით.
10.9%-ით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები. ისრაელიდან გზავნილების ზრდამ წლიურად 25.2%, ხოლო წვლილმა ზრდაში დადებითი 1.9 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
„მარტში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს 45.4%-იანი წილით ევროკავშირის ქვეყნები, აშშ 19.0%-იანი წილით და რუსეთი 11.9%-იანი წილით წარმოადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (17.2%), გერმანიის (8.8%) და საბერძნეთის (8.4%) მაღალი წილი“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
0
0