
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იანვარში წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6988-დან 2.6956-მდე, ანუ 0.1%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 3.1596-დან 3.1602-მდე მცირედით, ანუ 0.02%-ით გაუფასურდა.
მათივე ცნობით, თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6908 და 3.2088 შეადგინა.
როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშშია აღნისნული, საანგარიშო პერიოდში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.6982 იყო, მინიმალური კი – 2.6908.
„იანვარში საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მინიმალური მნიშვნელობა მაქსიმალურთან შედარებით დაახლოებით ორჯერ მეტად იყო გადახრილი. იანვარში საშუალოდ დოლართან მიმართებით, როგორც თვის, ასევე წლის ჭრილში, გაუფასურდა თურქული ლირა, ხოლო სომხური დრამი გამყარდა. თვიურ დონეზე მცირე თანაბარი გამყარებით ხასიათდებოდა ევრო და ლარი, აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 1.8%-ით გაუფასურდა, თვის ჭრილში კი 0.2%-ით გამყარდა. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, იანვარში წლიურად 1.0%-ით, თვის ჭრილში კი 0.2%-ით გამყარდა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშშია აღნიშნული, ზოგადად, ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება, თუმცა იმპორტულ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს.
„სავაჭრო პარტნიორთაგან იანვარში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, ბელარუსში, რუსეთსა და აზერბაიჯანში საქართველოსთან შედარებით მაღალი იყო, ხოლო სომხეთში, აშშ-სა და ევროზონაში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალი ნარჩუნდება“, – ნათქვამია ანგარიშში.
0
0