
ეროვნულ მუზეუმში საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
2026 წლის 27 აპრილს, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნებული სტატია, სახელწოდებით “An Independent Center for the Origin of Bread Wheat in the Neolithic Period of Georgia in the South Caucasus“ ადასტურებს, რომ საქართველო პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა.
სტატია ეყრდნობა აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კვლევას, რომელიც ეფუძნება საქართველოში, გადაჭრილ და შულავერის გორებზე აღმოჩენილ 8 000 წლის წინანდელ არქეოლოგიურ მასალასა და პალეობოტანიკოსის, პროფესორ ნანა რუსიშვილის მრავალწლიან სამეცნიერო კვლევებს.
ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში რადიოკარბონული მეთოდით ჩატარებული დათარიღების საფუძველზე დადასტურდა, რომ საქართველოს ნეოლითურ ნამოსახლარებში გამოვლენილი მასალა პურის ხორბლის არსებობის მსოფლიოში უძველეს, დღემდე ცნობილ ფიზიკურ მტკიცებულებას წარმოადგენს.
კვლევის თანაავტორთა შორის არიან ქართველი და უცხოელი მეცნიერები: მინდია ჯალაბაძე, ინგა მარტყოფლიშვილი, მარინე მოსულიშვილი, ნანა მელაძე, დავით მაღრაძე, ელიზაბეტა ბოარეტო და სტივენ ბატიუკი.
"გასულ წელს UNESCO-ს მიერ ქართული ხორბლის - ტრადიციებისა და რიტუალების არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანისა და საერთაშორისო აღიარების მიუხედავად, უწყვეტად გრძელდებოდა ინტერდისციპლინური კვლევა საერთაშორისო მეცნიერების ჩართულობით. დღეს ეს უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო აღმოჩენა მსოფლიო დონეზე დადასტურდა. გაწეული შრომისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი ეროვნული მუზეუმის გუნდს ბატონი დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით. მათი სახით ჩვენ გვყავს მეცნიერები, რომლებიც საქართველოსთვის უდიდეს საქმეს აკეთებენ", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
საერთაშორისო მულტიდისციპლინური კვლევა საქართველოს კულტურის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტის - „ღვინისა და ვაზის კვლევა და პოპულარიზაცია“ - ფარგლებში, ტორონტოს უნივერსიტეტის, ვაისმანის ინსტიტუტისა და „საზოგადოება ივერიისას“ მხარდაჭერით განხორციელდა.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 მაისიდან
01/05/2026
მეუფე შიო მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა
01/05/2026