27/12/2024
11:41
საზოგადოება
ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტიის პრესსპიკერი ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, ბაჩუკი ქარდავას დამთავრებული ჰქონდა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1988 წელს ხელმძღვანელობდა სანქტ-პეტერბურგის ქართულ სათვისტომოს, იყო სანქტ-პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის თავმჯდომარე. 1989 წლიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1990 წელს მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის საოლქო პროკურატურაში პროკურორის თანაშემწედ. 1991 წელს გახდა ედპ-ის თავმჯდომარის გიორგი ჭანტურიას აპარატის უფროსი. 1993 წელს ედპ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის (აედ-ის) დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 1993-1994 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაციონალური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი.
1996 წელს გახდა ედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრი და ედპ-ის გაზეთის „ქართული ქრონიკის“ რედაქტორი. 1999 წელს გახდა ედპ-ის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანი, ხოლო 2002 წელს - გენერალური მდივანი და მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. 2003 წლის დეკემბრიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე.
2020 წლიდან იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.
0
0