15/05/2023
10:50
მსოფლიო
თურქული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ცნობით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ხმების თითქმის 97% დათვლილია, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხმების 49,39%-ით ლიდერობს, ხოლო ქემალ ქილიჩდაროღლუ - 44,92%-ით.
ანკარაში მხარდამჭერებთან საუბრისას ერდოღანმა განაცხადა, რომ მას მაინც შეუძლია გაიმარჯვოს, მაგრამ ის პატივს სცემს ქვეყნის მოსახლეობის გადაწყვეტილებას, თუ 28 მაისს მეორე ტური დაინიშნება.
„თუ ქვეყნის მოსახლეობა არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას გადაწყვეტს, მაშინ ეს ნაბიჯიც მისასალმებელია. ჩვენ გვჯერა, რომ ამ ტურს ხმების 50%-ზე მეტით დავასრულებთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა: მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების სრული შედეგები ჯერ არ არის მოცემული, არ იცვლება ის რეალობა, რომ ქვეყნის მოსახლეობის არჩევანი აშკარად ჩვენს სასარგებლოდაა. მტკიცედ გვწამს, რომ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მსახურებას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაშიც,“ - განაცხადა ერდოღანმა.
თავის მხრივ, ერდოღანის კონკურენტმა ქილიჩდაროღლუმ მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს და ხაზი გაუსვა ახალგაზრდებისა და ქალების განსაკუთრებით აქტიურ მონაწილეობას.
„მიუხედავად ცილისწამებისა და შეურაცხყოფისა, ერდოღანმა ვერ მიიღო ის შედეგი, რასაც ელოდა. ხმები ჯერ კიდევ დასათვლელია. თუ ჩვენი მოსახლეობა მოითხოვს მეორე ტურის დანიშვნას, ჩვენ მივესალმებით ამ მოწოდებას. ჩვენი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და ქვეყანაში დემოკრატიას დავამყარებთ,“ - დასძინა ქილიჩდაროღლუმ.
69 წლის ერდოღანი, რომელიც ქვეყანას 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს, უკვე მესამედ ცდილობს პრეზიდენტის პოსტის დაკავებას, მაგრამ ქილიჩდაროღლუმ ის უმძიმესი გამოწვევის წინაშე დააყენა.
არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ქილიჩდაროღლუს, რომელიც ექვსპარტიულ ალიანსს ხელმძღვანელობს, მცირე უპირატესობა მიენიჭა, ხოლო პარასკევს ჩატარებულმა ორმა გამოკითხვამ კი აჩვენა, რომ მან 50%-იან ბარიერსაც კი გადააჭარბა.
0
0