12/06/2023
12:36
მსოფლიო
აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ჯო ბაიდენმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვილნიუსში ნატოს სამიტის ფარგლებში, შესაძლოა მოლაპარაკებები გამართონ. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ამას გარდა, ბაიდენმა და ერდოღანმა შესაძლოა უახლოეს მომავალში სატელეფონო საუბარიც გამართონ.
ასევე, მოსალოდნელია სატელეფონო კონტაქტები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს ენტონი ბლინკენსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰაკან ფიდანს შორის.
როგორც გამოცემა იტყობინება, დიპლომატიური კონტაქტები დაკავშირებულია თურქეთის გადაწყვეტილებასთან შვედეთის ნატოში გაწევრიანების თაობაზე.
ბაიდენს სურს, რომ შვედეთის ნატოში შესვლის პროცესი ვილნიუსის სამიტამდე დასრულდეს. ამგვარად, სამიტზე იგეგმება შვედეთის გაწევრიანება, მაგრამ ამისათვის საჭიროა თურქეთისა და უნგრეთის თანხმობა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ნატოში გასაწევრიანებლად შვედეთმა ყველა პირობა შეასრულა.
რატომ ეწინააღმდეგება თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას?
თურქეთი ამტკიცებს, რომ შვედეთი თავშესაფარს აძლევს ოფიციალური ანკარას მიერ აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრებს, რომელთაც 1984 წელს თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელში იარაღი აიღეს. PKK თურქეთში, შვედეთში, აშშ-სა და ევროპაში ტერორისტულ დაჯგუფებად ითვლება.
თურქეთს სურს, რომ სტოკჰოლმმა უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს PKK-სა და სხვა დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელსაც ანკარა 2016 წელს გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.
0
0