
ჩრდილოეთ ერაყში, საქორწილო წვეულებაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა.
ნინევეს პროვინციაში, კერძოდ, ალ-ჰამდანიაში, გამართულ საქორწილო წვეულებაზე ასობით ადამიანი იყო შეკრებილი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ის ფეიერვერკის დანთების შემდეგ გაჩნდა. სავარაუდოდ, შეკრების ადგილზე კედლის პანელები აალდა და ცეცხლი ჭერის ნაწილებს მოედო, რამაც დარბაზის ნგრევა გამოიწვია.
„ხანძარმა დარბაზის ნგრევა გამოიწვია, რადგან ის ადვილად აალებადი, იაფფასიანი სამშენებლო მასალებით იყო აშენებული, რომლებიც ხანძრის გაჩენისას რამდენიმე წუთში იშლება“, - განაცხადა ერაყის სამოქალაქო თავდაცვის დირექტორატმა.
უცნობია, არიან თუ არა მსხვერპლთა შორის სიძე და პატარძალიც. ერაყული მედიის პირველადი ინფორმაციით, ისინი ხანძრის შედეგად დაიღუპნენ, მოგვიანებით კი საინფორმაციო სააგენტო Nina-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სიძე და პატარძალი ცოცხალია და ისინი დამწვრობას მკურნალობენ.
მეხანძრეები შენობის ნანგრევებში ხანძრისგან გადარჩენილებს ეძებენ.
როგორც ნინევეს გუბერნატორის მოადგილემ, ჰასან ალ-ალაკმა Reuters-ს განუცხადა, 113 ადამიანის დაღუპვა დადასტურებულია, ხოლო სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო INA-ს განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი, მინიმუმ, 100-მდეა, 150 ადამიანი კი - დაშავებულია. დაშავებულები ნინევეს რეგიონულ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათი რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
ერაყის პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურ პირებს დაავალა, რომ ინციდენტის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ყველა ძალისხმევა გამოიყენონ.
0
0