
ევროკავშირის ეპიდემიოლოგები ბარსელონაში ღორის გრიპის აფეთქებაზე მუშაობას იწყებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ევროკომისიის პრესსპიკერის თქმით, ვირუსოლოგიისა და რისკების მართვის ექსპერტები ბელატერაში, გრიპის გავრცელების არეალის გარშემო 6-კილომეტრიან აკრძალვის ზონას აწესებენ, რათა სიტუაცია შეისწავლონ და რეკომენდაციებით ანგარიში მოამზადონ.
როგორც „როიტერი“ წერს, ღორის გრიპის აფეთქების გამო ესპანეთმა ზოგიერთ ქვეყანაში ღორის ხორცის ექსპორტი აკრძალა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ესპანეთი ევროკავშირში ღორის ხორცის დაახლოებით მეოთხედს აწარმოებს და ქვეყანა ბლოკის შიგნით ყოველწლიურად 3.5 მილიარდი ევროს ღირებულების ხორცს ყიდის.
ამასთან, გრიპის აფეთქების გამო ესპანეთიდან ღორის ხორცის იმპორტზე უარი თქვეს ბრიტანეთმა, მექსიკამ და კანადამ. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მათ მოუწოდა, შესყიდვები შეკავების ზონის გარეთ მდებარე რეგიონებიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის გარეთ ბაზრები ღორის ხორცის ექსპორტისთვის ღია იყოს“, – განაცხადა სანჩესმა TVE-სთან ინტერვიუში.
მედიის ცნობით, ექსპერტები ეჭვობენ, რომ ვირუსი შესაძლოა გავრცელდა მას შემდეგ, რაც გარეულმა ღორმა დაბინძურებული საკვები შეჭამა. მათივე თქმით, ვირუსი უვნებელია ადამიანებისთვის, მაგრამ სწრაფად ვრცელდება ღორებსა და გარეულ ღორებს შორის, რომელთათვისაც ის შეიძლება ფატალური იყოს.
0
0