
თანამშრომლობაზე ორიენტირებულ მიდგომას ავირჩევ, თუმცა ზოგიერთი საკითხი განხილვის საგანი არ იქნება და სწორედ ეს არის ერთ-ერთი ასეთი საკითხი, – ასე გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბარნემი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხდებას, რომ სიამოვნებით იხილავდა გაერთიანებულ ირლანდიას.
„ვფიქრობ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ხალხის გაერთიანებას. ჩვენ გავიარეთ ათწლეული, რომლის განმავლობაშიც ჩატარდა რეფერენდუმი „ბრექსიტის“ შესახებ, მანამდე კი — შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე. ვხედავთ, რომ ასეთი სიტუაციებით გამოწვეული განხეთქილებების მოგვარებას დიდი დრო სჭირდება. ეს პროცესს უკან სწევს და ხელს გვიშლის, ყურადღება გადავიტანოთ იმაზე, რაც აქ და ახლაა უმთავრესი: ცხოვრების გაძვირებით გამოწვეულ პრობლემებზე, რომლებიც ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრებ ხალხს აზარალებს და ბიუჯეტის დამტკიცების აუცილებლობაზე, რათა საჯარო სერვისებმა სათანადოდ შეძლონ ფუნქციონირება. ეს ის საკითხებია, რომლებიც პირდაპირ ჩვენ წინაშე დგას. პოლიტიკოსები კი ზოგჯერ იმისკენ მიისწრაფვიან, რისი დანახვაც თავად სურთ, ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები მოძებნონ. ვფიქრობ, „ბრექსიტის“ რეფერენდუმის შემდეგ გასულმა ათწლეულმა ზედმეტი განხეთქილება, დავები და წარსულზე ზედმეტი ორიენტირება მოიტანა. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ის საკითხები, რომლებიც უშუალოდ ჩვენ წინაშეა — აქ და ახლა“, – აღნიშნა ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.
0
0