
„ენბისი ნიუსის“ ახალი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ირანის ომისა და მზარდი ფასების ფონზე, დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი ახალ მინიმუმამდე დაეცა. კვლევა, რომელიც 30 მარტიდან 13 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა, აჩვენებს, რომ გამოკითხული ზრდასრული მოქალაქეების მხოლოდ 37%-ს მოსწონს დონალდ ტრამპის საქმიანობა პრეზიდენტის თანამდებობაზე.
ამასთან, გამოკითხულთა ნახევარი ტრამპის საქმიანობას მკაცრად უარყოფითად აფასებს, ხოლო საერთო ჯამში მისი საქმიანობა 63%-ს არ მოსწონს. ეს მაჩვენებელი მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ყველაზე დაბალია.
გამოკითხულთა ორი მესამედი უარყოფითად აფასებს ტრამპის მოქმედებებს როგორც ინფლაციის, ისე ირანთან ომის მიმართულებით.
გამოკითხულთა მხოლოდ ერთი მესამედი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, ხოლო ორი მესამედი მიიჩნევს, რომ აშშ არასწორ გზაზეა.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 40% ამბობს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა ერთი წლის განმავლობაში გაუარესდა, ხოლო მხოლოდ 19% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა.
გამოკითხვა ონლაინ ჩატარდა და მონაწილეობა მიიღო 32 433 ადამიანმა. ცდომილების ზღვარი 1.8 პროცენტული პუნქტია.
0
0