ენათმეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ნანა მაჭავარიანი გაემიჯნა საკონსტიტუციო სასამართლოში ენათმეცნიერი მარინა ბერიძის ჩვენებას და მის კვლევას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ფორმალური დასახელების შესახებ.
ნანა მაჭავარიანის კომენტარი „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა.
მაჭავარიანი ამბობს, რომ ბერიძის პოზიცია „არ ემთხვევა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პოზიციას“.
„ინსტიტუტს ასეთი კვლევა, რასაც იგი თვითონ კვლევას ეძახის, არ დაუვალებია მისთვის და, მოკლედ რომ გითხრათ, ეს არ არის ინსტიტუციური კვლევა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის მესამე დღეს, რომელზეც აღნიშნულ კანონთან დაკავშირებულ სარჩელებს განიხილავდნენ, ენათმეცნიერ მარინა ბერიძეს მოუსმინეს.
ბერიძემ, რომელიც პროცესზე ერთ-ერთი მოსარჩელე მხარის, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის მიწვევით იმყოფებოდა, განმარტა, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელს“ მხოლოდ უარყოფითი კონოტაცია აქვს.
მაჭავარიანმა ბერიძის პასუხად განაცხადა, რომ ის საკითხები, „რისთვისაც ბერიძე ცდილობდა, თავი გაერთმია, არის უფრო ფსიქოლოგიური საკითხები და არა ენათმეცნიერული“.
„გარკვეული შესიტყვება როგორ აღიქვას ადამიანმა, არის მისი განწყობის საქმე. ის საკითხები, რაზეც საერთოდ ეს ქალბატონი საუბრობდა, ენათმეცნიერების სფეროს სცილდებოდა. მგონი, არასწორად იყო შერჩეული, პროფესიაც და პიროვნებაც“, - განუცხადა "რუსთავი 2"-ს მაჭავარიანმა.
0
0