20/12/2022
14:48
მსოფლიო
„ამერიკელმა მსახიობებმა, ყოფილმა ცოლ-ქმარმა ემბერ ჰერდმა და ჯონი დეპმა ცილისწამების შესახებ სასამართლო დავის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს - ისინი სასამართლოს სხდომამდე მორიგდნენ, რომ ემბერ ჰერდი ჯონი დეპს 1 მილიონ აშშ დოლარს (820 000 ფუნტს) გადაუხდის, „დეპი სარჩელს უკან გაიტანს და ამგვარად, კონფლიქტი მოგვარდება,“ - განუცხადეს ჯონი დეპის ადვოკატებმა BBC-ს.
ემბერ ჰერდი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა - ის თავს მაინც უდანაშაულოდ თვლის. მისი განმარტებით, „გარიგებაზე იმიტომ წავიდა, რომ მან ამერიკის სამართლებრივი სისტემისადმი რწმენა დაკარგა და ის სამართალს მაინც ვერ იპოვის“.
ჯონი დეპის ადვოკატების განცხადებით, ისინი მოხარულნი არიან, რომ "დეპისთვის ამ მტკივნეული ისტორიის ნაწილი ფორმალურად დასრულდა" და დასძინეს, რომ მსახიობი 1 მილიონ აშშ დოლარს რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცემს.
როგორც ცნობილია, ივნისში, ვირჯინიის შტატის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა, ძირითადად, მხარი დაუჭირეს ჯონი დეპს და ემბერ ჰერდი ცილისწამებაში დამნაშავედ ცნეს The Washington Post-ში (2018 წელს) გამოქვეყნებული სტატიის გამო, რომელშიც მან დეპი ძალადობაში დაადანაშაულა. მან სტატიაში თავი მოიხსენია, როგორც "საზოგადოებრივი ფიგურა, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლია". სასამართლომ ჰერდს ყოფილი ქმრისთვის 10,3 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.
0
0