
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უახლოეს კვირებში ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესაძლებლობა არ გამორიცხა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა „ფრანს 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად ის მუშაობს პუტინთან სატელეფონო საუბრის ორგანიზებაზე. ჟურნალისტებთან საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ მისი მიზანი უკრაინაში მშვიდობის მიღწევაა, თუმცა არა კაპიტულაციის ფასად.
„მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა მისი თავდაცვითი ძალისხმევის ფარგლებში. სწორედ ამას ვაკეთებთ. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მშვიდობა უკრაინის კაპიტულაცია იყოს“, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.
ცნობისთვის, ემანუელ მაკრონმა 19 დეკემბერს განაცხადა, რომ საჭიროა გზების პოვნა, რათა ევროპელებმა „კვლავ დაიწყონ დიალოგი რუსეთთან – გამჭვირვალე ფორმით და უკრაინასთან თანამშრომლობით“. კრემლის წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის, „თუ საამისოდ არსებობს ორმხრივი პოლიტიკური ნება“.
0
0