
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან რუსეთ-უკრაინის ომზე „ძალიან კარგი“ და „კონსტრუქციული“ საუბარი ჰქონდა.
მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კიევს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში დახმარება სჭირდება.
„უკრაინასა და რუსეთზე დიდხანს ვისაუბრეთ. საჭიროა, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს უფრო სწრაფად და უფრო მეტი დახმარება გავუწიოთ, განსაკუთრებით, ანტიბალისტიკური რაკეტებით, რადგან თავდაცვის თვალსაზრისით ეს მთავარი საკითხია“,- განაცხადა მაკრონმა.
მაკრონის თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების შეჩერების შესაძლებლობა. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამ საკითხზე ის მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთანშეხვედრისას ისაუბრებს. მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მხარდაჭერა კვლავ პრიორიტეტად რჩება, რადგან ომი ევროპის უსაფრთხოებაზე გავლენას ახდენს. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ საკითხზე პროგრესის მიღწევა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ლიდერების შეხვედრების დროს იქნება შესაძლებელი.
0
0