
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უარყო აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ასპექტები, თუმცა მას კარგი ნაბიჯი უწოდა.
„ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ არ გვინდა მშვიდობა, რომელიც რეალურად კაპიტულაციაა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა წარმოუდგენელ პოზიციაში აღმოჩნდება და რუსეთს სრული თავისუფლება ექნება, წავიდეს კიდევ უფრო შორს, მათ შორის სხვა ევროპელების წინააღმდეგ, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგულ რადიოსთან საუბრისას.
მაკრონის თქმით, ჟენევის მოლაპარაკებამდე უკრაინისა და ევროპელი მოკავშირეებისთვის წარდგენილი გეგმა „ნაბიჯია, რომელიც სწორი მიმართულებით მიდის: მშვიდობისკენ“.
„გეგმაში არის ელემენტები, რომლებიც განხილვას, მოლაპარაკებასა და გაუმჯობესებას იმსახურებდა“, – განაცხადა მაკრონმა.
ამასთან, ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა გეგმის ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ევროპული ქვეყნების თანხმობის გარეშე.
„ეს ევროპელებმა უნდა გადაწყვიტონ, რა მოხდება ევროპაში გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს ემანუელ მაკრონი.
0
0