22/12/2022
13:50
მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში თქვა.
ფრანგული „ფიგაროს“ ცნობით, მაკრონს მიაჩნია, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის მხრიდან კონფრონტაციად აღიქმება, ამიტომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.
„გაწევრიანდება თუ არა უკრაინა ნატო-ში, და ეს ნაკლებად სავარაუდო სცენარია, მას მაინც უნდა მიეცეს უსაფრთხოების გარანტიები, როლებიც უნდა იყოს კიდევ უფრო სანდო და ძლიერი, რადგანაც უკრაინას რუსეთი დაესხა თავს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ამავე ინტერვიუში მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეამციროს საკუთარი დამოკიდებულება ნატო-ზე და სტრატეგიულ ავტონომიას გადახედოს.
„ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა არ არსებობს სტრატეგიული ავტონომიის გარეშე, ნატო-ში და ნატო-სთან ერთად. მაგრამ არა ნატო-ზე დამოკიდებულებით. ალიანსი არ არის ის, რაზეც დამოკიდებული უნდა იყო. ალიანსი არის ის, რასაც ვირჩევ. ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიულ ავტონომიას. ევროპამ უნდა მოიპოვოს ტექნოლოგიური და ენერგეტიკული ავტონომია, მათ შორის აშშ-სგან“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ამავე ინტერვიუში კიდევ ერთხელ თქვა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინასთან ერთად, რუსეთმაც უნდა მიიღოს.
0
0