
როგორც Wall Street journal-ი წერს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ ცდილობს ჩეჩენი მეამბოხეების ყოფილი ლიდერის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, 58 წლის ვადიმ კრასიკოვი (რომელიც ამჟამად გერმანიაშია დაპატიმრებული) ამერიკელ მოქალაქეებში გაცვალოს. მათ შორის მოიაზრება Wall Street journal-ის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი.
როგორც ცნობილია, 2019 წლის 23 აგვისტოს, ტიერგარტენის პარკში, კრასიკოვმა ხანგოშვილი თავის არეში პისტოლეტით სასიკვდილოდ დაჭრა. შემდეგ მკვლელი ახლომდებარე მდინარე შპრეესთან გაჩერდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და პარიკიც მოიშორა. მან ნიღაბი, ველოსიპედი და პისტოლეტი მდინარეში გადაყარა. მკვლელი ორმა გამვლელმა დაინახა, რომლებმაც პოლიცია გამოიძახეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, კრასიკოვი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ელექტრო სკუტერის დაყენებას ცდილობდა. პოლიციამ მდინარიდან გადაყრილი ნივთები ამოიღო, რომლებზეც მისი თითის ანაბეჭდები და დნმ-ის მტკიცებულებები იყო.
კრასიკოვმა გერმანიის ხელისუფლებას განუცხადა, რომ მისი სახელი ვადიმ სოკოლოვი იყო, ტურისტი, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა რუსეთის მთავრობასთან. მან გამომძიებლებს უთხრა, რომ ბერლინში თავისი შეყვარებულის მოსანახულებლად იმყოფებოდა. ბერლინში რუსეთის საელჩომ კი განაცხადა, რომ ის იყო ვადიმ სოკოლოვი და არა ვადიმ კრასიკოვი. კიევის პოლიციისა და საგამოძიებო პლატფორმის Bellingcat-ის დახმარებით, გერმანელმა პროკურორებმა საბოლოოდ გაშიფრეს მისი ვინაობა, როგორც რუსული ფარული ოპერაციების ვეტერანი.
კრასიკოვმა ხანგოშვილის მკვლელობა და რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამაშრომლობა უარყო. ბერლინის უმაღლესმა რეგიონულმა სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდების მხარის მტკიცება, რომ კრასიკოვმა დანაშაული (შუადღისას, გერმანიის კანცლერის ოფისთან მდებარე პარკში) რუსეთის ხელისუფლების დავალებით ჩაიდინა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებული იყო და ბრალდება, რომ მკვლელობის უკან მოსკოვი დგას, დასავლურმა დაზვერვის სამსახურებმა შეთხზა.
„2021 წლის განაჩენის გამოტანამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ნიკოლაი პატრუშევს რუსეთში მყოფ პატიმრებში კრასიკოვის გაცვლის შესაძლებლობის შესწავლა დაავალა.
როგორც დასავლელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, პუტინი დაინტერესებულია მხოლოდ კრასიკოვით ვაჭრობით. მისი თქმით, „პუტინი საზღვარგარეთ სხვა ფარული ოპერაციების დროს დაკავებული პატიმრების დაბრუნებას ითხოვდა. 2004 წელს მან მადლობა გადაუხადა ყატარის ემირს ორი მამაკაცის დაბრუნებისთვის, რომლებიც იქ ბომბის დამონტაჟებისთვის იყვნენ მსჯავრდებულნი. შემთხვევამ ჩეჩენი მეამბოხე ლიდერი იმსხვერპლა. რუსეთმა მკვლელობაზე პასუხისმგებლობა უარყო.“
რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ განიხილება დასავლეთის ქვეყნებში გასამართლებული რუსების და რუსეთში მსჯავრდადებული უცხოელების მრავალმხრივი გაცვლის საკითხი, მათ შორის ისეთი დისიდენტების, როგორიც ალექსეი ნავალნია.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ივლისში განაცხადა, რომ ის სერიოზულად აპირებდა ევან გერშკოვიჩის ექტრადაციისთვის კრემლთან მოლაპარაკებას, მაგრამ დეტალები არ დაუსახელებია. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა აპრილში განაცხადა, რომ რუსეთი პატიმართა გაცვლის საკითხს მხოლოდ გერშკოვიჩის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ განიხილავდა. გერმანულ მხარეს არ განუცხადებია, განიხილავს თუ არა კრასიკოვის გაცვლის საქმეს, რადგან ასეთი გაცვლა შეიძლება დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდეს გერმანიაში - გასულ წელს სამთავრობო ადვოკატებმა სამართლებრივი დასკვნა გამოსცეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მსჯავრდებული მკვლელით ვაჭრობა შეუძლებელია,“ - წერს Wall Street journal-ი.
წყაროების ცნობით, ევან გერშკოვიჩის გარდა, კრასიკოვი შესაძლოა რუსეთში დაპატიმრებულ კიდევ ერთ ამერიკელ მოქალაქეში გაცვალონ - მისი ვინაობაა პოლ უილანი, ამერიკის საზღვაო ქვეითების ვეტერანი, რომელიც რამდენიმე წელია, ასევე შპიონაჟის ბრალდებით არის დაპატიმრებული.
„რაც შეეხება ეთნიკურად ჩეჩენს, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილს, ის საქართველოდან გერმანიაში 2016 წელს გაიქცა. ხანგოშვილმა თავშესაფარი მოითხოვა, რათა, მისი თქმით, თავი დაეღწია რუსი საიდუმლო აგენტებისგან, რომლებიც მის მოკვლას ცდილობდნენ. გერმანიამ არ დააკმაყოფილა მისთვის თავშესაფრის მიცემის მოთხოვნა, მაგრამ, სხვა ლტოლვილების მსგავსად, ხანგოშვილი მაინც ქვეყანაში დარჩა. მოგვიანებით კი, როგორც უკვე ცნობილია, 2019 წლის 23 აგვისტოს ის ბერლინში მოკლეს,“ - წერს გამოცემა.
0
0